logo
ENG



დაპირისპირება რაგბის კავშირი - რა ვიცით ამ დროისთვის

10 მარ 202114:29
3 წუთის საკითხავი
clock 1892
2021/03/10/yv4szl0ny1l2tgw.png

განახლება: რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს.

თბილისში, ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებას ცდილობენ. პრეზიდენტობის კანდიდატი ერთია - იოსებ ტყემალაძე. არჩევნების ჩატარებას ვეტერანი მორაგბე ირაკლი აბუსერიძე უპირისპირდება. ექსპო ჯორჯიას ტერიტორიაზე ტყემალაძის გამოჩენას ხმაური და დაპირისპირება მოყვა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. აბუსერიძის მომხრეები აცხადებენ, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტი სწორედ ისაა და საჯარო რეესტრმა მას რეგისტრაცია უკანონოდ შეუჩერა. 

რაგბის კავშირის არჩევნები

რაგბის კავშირი 1 წელზე მეტია პრეზიდენტის გარეშეა. არჩევნები 2020 წლის 30 იანვარს უნდა ჩატარებულიყო, რომელშიც მონაწილეობა სამ კანდიდატს - ვეტერან მორაგბეს ირაკლი აბუსერიძეს, კავშირის მოქმედ პრეზიდენტს გოჩა სვანაძესა და ბაჩო ხურციძეს უნდა მიეღოთ. თუმცა, აბუსერიძისა და ხურციძის მოთხოვნით, არჩევნები 2020 წლის 24 თებერვლამდე გადაიდო. ფინანსური სკანდალისა და პანდემიის გამო, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნები 30 დეკემბრამდე ვერ ჩატარდა.

30 დეკემბერს ჩატარებული არჩევნების შემდეგ რაგბის კავშრის პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძე გახდა. მან 31 ხმა აიღო, მისმა კონკურენტმა გოჩა სვანიძემ - 10. თუმცა აბუსერიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ბაჩო ხურციძემ უჩივლა. მისი თქმით, რაგბის კავშირის ყრილობა არაკანონიერი იყო და პრეზიდენტის არჩევნები თავიდან უნდა გამართულიყო. ხურციძის საჩივრის საფუძველზე, საჯარო რეესტრმა აბუსერიძეს რეგისტრაცია შეუჩერა. 

საჯარო რეესტრის განმარტება

საჯარო რეესტრში აცხადებდნენ, რომ აბუსერიძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა რეგისტრაციის პირობებს. 4 თებერვალს საჯარო რეესტრმა აბუსერიძეს შეუჩერა სარეგისტრაციო წარმოება და დადგენილების ხარვეზის აღმსოაფხვრელად 30 კალენდარული დღე განუსაზღვრა. იმ შემთხვევაში, თუ აბუსერიძე 30 კალენდარულ დღეში შესაბამის დოკუმენტაციას არ წარადგენდა, მას სარეგისტრაციო წარმოება შეუწყდებოდა. 

ირაკლი აბუსერიძე აცხადებდა, რომ საჯარო რეესტრში დოკუმენტაციის ჩაბარების დროს ყველა საბუთი წესრიგში იყო. მისი თქმით, ეს იყო დროის გაწელვის მცდელობა, რათა მისთვის ხელი შეეშალათ. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრის მიერ მიცემული ვადა არ იყო გასული, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნები 2021 წლის 24 თებერვალს ჩაინიშნა. 8 თებერვალს კი საჯარო რეესტრმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ირაკლი აბუსერიძეს რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე უარი ეთქვა. ასევე, რეგისტრაციაზე უარი ეთქვა გამგეობის ახალი წევრებსაც.

შესაბამისად, რაგბის კავშირი კვლავ პრეზიდენტის გარეშეა. როგორც საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მიზეზი არის ის, რომ არც პრეზიდენტობის  და არც გამგეობის წევრობის კანდიდატებს არ მიუღიათ ხმების ის რაოდენობა, რაც წესდებითაა მოთხოვნილი. 

ახალი კანდიდატი

რეესტრის მიერ აბუსერიძის რეგისტრაციაზე უარის შემდეგ, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად ბიზნესმენი იოსებ ტყემალაძე დარეგისტრირდა.

აბუსერიძე აცხადებს, რომ 30 დეკემბრის არჩევნები კანონიერი იყო და აღარ აპირებს პრეზიდენტობის კანდიდატად იყაროს კენჭი. მისი მხარდამჭერები თვლიან, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტი ირაკლი აბუსერიძეა და ეს თანამდებობა მან უნდა დაიკავოს. 

აბუსერიძის თქმით, მას ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მამა გია კობახიძეს და ოცნების წევრი, გივი ჭიჭინაძე, უპირისპირდებიან.

 


close დახურვა