logo
ENG



შენგელია ტვ პირველზე: გაუგონარია სასამართლოს განჩინება, ჩანაწერი პირდაპირ მუქარას შეიცავს

11 მარ 202115:26
3 წუთის საკითხავი
 

ადვოკატი ბაჩანა შენგელია სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც პროკურატურას უფლება ეძლევა ტვ პირველიდან მასალები ამოიღოს და ამბობს, რომ განჩინება მუქარის შემცველია. 

როგორც შენგელიამ ფორმულას გადაცემაში კომენტარი აღნიშნა, "ხელისუფლების ყველა შტო ჩანაწერებში გაჟღერებული დანაშაულის ჩაფარცხვას ემსახურება". 

ის აღნიშნავს, რომ ქვეყენაში ორმაგი სტანდარტი მოქმედებს. მისივე თქმით, გამოძიება ჩანაწერების შინაარსთან დაკავშირებით უნდა დაწყებულიყო და არა მხოლოდ მათ გავრცელებაზე. 

"ამ ქვეყანაში ორმაგ სტანდარტზე დიდი ხანია ვსაუბრობთ. წარმოუდგენელია, როდესაც ჩვენ ამ ჩანაწერებიდან, რაც ტვ პირველის ეთერში გავიდა, გავიგეთ უმძიმესი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია და ეს ჩანაწერები, მათი შინაარსი შეიცავდა უმძიმეს დანაშაულს, ეს იყო ადამიანების დაშინება, ადამიანების წინააღმდეგ ძალადობა, არასრულწლოვანის წინააღმდეგ ძალადობა, რაც იყო ჯგუფურად განხორციელებული, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული...გამოძიება ამ ფაქტებზე უნდა აღძრულიყო, ჩანაწერების შინაარსზე, უნდა გამოკითხულიყო ყველა მონაწილე ადამიანი, და არა ის რომ ამ ჩანაწერების გავრცელებაზე დაწყებულიყო გამოძიება", - განაცხადა შენგელიამ. 

ადვოკატი ამბობს, რომ ტვ პირველის მიერ გავრცელებული ჩანაწერები არ შეიძლება ჩაითვალოს პირად ჩანაწერებად, რადგან "ეს არ არის პირადი და ინტიმური საუბრები", როგორც შენგელიას თქმით, იყო მაგალითად ყოფილი საგარეო მინისტრის მაია ფანჯიკიძის ჩანაწერი. 

"ეს არ შეიძლება პირად ჩანაწერებად ჩავთვალოთ. ეს იყო უმძიმეს დასრულებულ დანაშაულზე საუბარი. პირადი ჩანაწერები იყო, როდესაც ეს ხელისუფლება ავრცელებდა ჩანაწერებს ჰაკიმ ფაშასთან დაკავშირებული, ქალბატონ მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან, ასევე ქალბატონ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით...

ხელისუფლების ყველა შტო ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ამ დანაშაულის ჩაფარცხვას. გაუგონარია, სასამართლო განჩინებაში - როგორ შეიძლება ეწეროს, რომ პროპორციული ძალის გამოყენება შეუძლია პოლიციას?! ეს სასამართლოს ჩანაწერიც პირდაპირ მუქარას შეიცავს იმისა, რომ თუ არ მივცემთ, ჩვენ გამოვიყენებთ ძალას. ეს ძალის გამოყენება მათ უკვე ენმ-ის ოფისში სცადეს", - თქვა შენგელიამ. 

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და TV პირველიდან მასალების იძულებით ამოღების ნებართვა მისცა. ამის შესახებ თავად ტელეკომპანია ავრცელებს ინფორმაციას და მიღებულ განჩინებასაც ასაჯაროვებს, საქმე ეხება 6 მარტს, ნოდარ მელაძის შაბათში გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებს. 

ტელეკომპანიის იურისტის, ვახტანგ წერეთლის ცნობით, პროკურატურა ითხოვს არა უშუალოდ ინფორმაციას, არამედ ელექტრონულ მატარებელსა და კონვერტს, ან სხვაგვარ მასალას. 

ჩანაწერები

ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.

ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა. 

ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, არა ერთმა ადამიანმა მედიისა და თუ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილმა ან მასთან დაახლოებულმა პირებმა, ბერაზე ნეგატიური კომენტარის გამო, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული. 

თემას გამოეხმაურნენ ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძეც. ჩუბინიძე ამბობს, რომ ჩანაწერი, მისი, ირაკლი ღარიბაშვილის და ბერა ივანიშვილის მონაწილეობით, 2010-2011 წლისაა და ის მოდელირებულია. ჩუბინიძე ადასტურებს, რომ ახალგაზრდებთან ოჯახებში მივიდა, რასაც იმით ხსნის, რომ როგორც ივანიშვილის ოჯახის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, მუქარის შემცველ განცხადებებს შეისწავლიდა. ჩუბინიძის თქმით, ჩანაწერები უკანონოდ იქნა მოპოვებული და დანაშაული არა სამი ადამიანის საუბარი, "გნებავთ ჭორაობა", არამედ ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება, მისი მოდელირება და გავრცელებაა. 

ბერა ივანიშვილი კი იმედთან ინტერვიუში ამბობს, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, ან მის "ოჯახს შეეხება", "აუცილებლად პასუხს მოსთხოვს". ინტერვიუში მანვე აღნიშნა, რომ ჩანაწერების ავთენტურობაზე "კამათს არ დაიწყებს", რადგან ამას "მნიშვნელობა არ აქვს". 

ჩანაწერებზე ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია საქართველოს პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს.

საქართველოს გენერალური პროკურატურა გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.


close დახურვა