logo
ENG



პროკურატურა: გაცემულია ელ. ინფორმაციის მატარებლის ამოღების და არა ტელევიზიის ჩხრეკის განჩინება

11 მარ 202116:40
3 წუთის საკითხავი
 
პროკურატურა: გაცემულია ელ. ინფორმაციის მატარებლის ამოღების და არა ტელევიზიის ჩხრეკის განჩინება

TV პირველიდან ფარულ ჩანაწერებზე მასალების ამოღების ნებართვაზე პროკურატურა კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავს, რომ მოსამართლემ გასცა ელექტრონული ინფორმაციის მატარებლის ამოღების და არა ჩხრეკის განჩინება. 

პროკურატურა ახალ განცხადებაში ამატებს, რომ ტელეკომპანიის წარმომადგენელს თავად შეუძლია, მიიტანოს მასალები უწყებაში:

"საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა პროკურატურა აპირებს ტელევიზიაში შეჭრას, არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას. ამას ადასტურებს ისიც, რომ სასამართლოს მიერ გაცემულია მხოლოდ კონკრეტული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღების და არა ტელეკომპანიის ოფისის ჩხრეკის განჩინება".

პროკურატურამ დღის ბოლოს გავრცელებულ განცხადებაში მოიშველია საპროცესო კოდექსიც, სადაც განმარტა, რომ ტელეკომპანიას უფლება აქვს, არ გასცეს ინფორმაცია, თუმცა ამასთან მათი მხრიდან თანამშრომლობის იმედს გამოთქვამენ.

"საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ტელეკომპანიას და მის ჟურნალისტებს უფლება აქვთ, არ გადასცენ გამოძიებას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი თუ სხვა ობიექტი, თუმცა საქართველოს პროკურატურა იმედს იტოვებს, რომ ტელეკომპანია პირველი ითანამშრომლებს გამოძიებასთან, გადმოგვცემს მათივე ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებს", - წერია უწყების განცხადებაში.

პროკურატურის ამ განმარტებამდე, ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ საგამოძიებო ორგანოს TV პირველიდან მასალების ამოღების ნებართვა მისცა. "წინააღმდეგობის შემთხვევაში" მოსამართლის მიერ გაცემული განჩინება მათ ამოღებისას "იძულების პროპორციული ზომის" გამოყენების ნებართვას აძლევს.

TV პირველის წამყვანი, მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე აღნიშნავს, რომ მისთვის გაურკვეველია, რა იგულისხმება იძულებით მასალების ამოღებაში.

მისივე ვარაუდით, საგამოძიებო ორგანოს მიზანია, დაადგინონ წყარო და არა უშუალოდ აუდიოჩანაწერებში გაჟღერებული ფაქტები.

"ყველაზე გასაოცარია სასამართლოს გადაწყვეტილება, როდესაც მოსამართლე კლდიაშვილი პროკურატურას ეუბნება, რომ კონვერტზე და ელექტრონულ მატარებელზე, ამოღების უფლებას გაძლევო, მაგრამ თუ ვერ ამოიღებო, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, გამოიყენეთ იძულებითი პროპორციული ზომაო.

რას ნიშნავს, ანუ პროკურორები შემოიჭრებიან ტელევიზიაში და დაიწყებენ კომპიუტერებში ძებნას, კიბეს მოადგამენ თუ ნიუსრუმებს გაჩხრეკენ", - ამბობს ნოდარ მელაძე. 

საქართველოს კანონი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ შემდეგნაირად არეგულირებს პროფესიული საიდუმლოებისა და წყაროს დაცვას: 

"1. პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროს გამხელის ვალდებულება".

ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად:

"ჟურნალისტი არ შეიძლება იყოს მოწმე მისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით".

***

ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.

ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა. 

ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, არა ერთმა ადამიანმა მედიისა და თუ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილმა ან მასთან დაახლოებულმა პირებმა, ბერაზე ნეგატიური კომენტარის გამო, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული.  

პროკურატურამ ამ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.


close დახურვა