logo
ENG



კრამერი ტვ პირველზე: შეუძლებელია, ეს ამბავი არ აღიქვა თავისუფალ მედიაზე თავდასხმად

12 მარ 202120:27
3 წუთის საკითხავი
 
კრამერი ტვ პირველზე: შეუძლებელია, ეს ამბავი არ აღიქვა თავისუფალ მედიაზე თავდასხმად

ტვ პირველზე გასულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სასამართლოს განჩინებას თავისუფალ მედიაზე თავდასხმად აფასებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშეწმე, დევიდ კრამერი. 

კრამერი ფორმულასთან საუბარში აცხადებს, რომ მსგავსი პრეცედენტები შიშის საფუძელი შეიძლება გახდეს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. მისივე თქმით, ეს ყველაფერი საქართველოს პარტნიორების მხრიდან დადებითად არ შეფასდება.

„შეუძლებელია, ეს ამბავი არ აღიქვა თავისუფალ მედიაზე თავდასხმად. ეს ფაქტი შიშის საფუძველი უნდა იყოს ყველა დამოუკიდებელი მედიასაშუალებისთვის საქართველოში, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ეს არ უნდა ახარებდეს არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას. ეს სასამართლოს ცუდი გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, ქართული ოცნების წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ დასავლეთში ეს ყველაფერი დადებითად არ აღიქმება. ინფორმაცია ჟონავს ყველგან, არა მხოლოდ საქართველოში. იმ ადამიანებს, ვისაც ეს ეხება ხოლმე, არ მოსწონთ. მაგრამ ეს მათ არ აძლევთ იმის უფლებას, რომ სასამართლო და სხვა ორგანოები პოლიტიზებული გახადონ და მედიაორგანიზაციები ამოიღონ მიზანში. ეს არ უნდა იყოს მათი პასუხი", - აცხადებს კრამერი.  

11 მარტს ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან ფარულ ჩანაწერებზე მასალების ამოღების, "წინააღმდეგობის გაწევისას" კი "იძულების პროპორციული ზომის" გამოყენების უფლება მისცა. ფრაზა იძულებაზე აღნიშნულია მოსამართლე ლაშა კლდიაშვილის განჩინებაში, რომელიც ტელეკომპანიამ 10 მარტს მიიღო.

მოგვიანებით, პროკურატურამ მოსამართლის განჩინებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ გავრცელებული ინფორმაცია "ტელევიზიაში შეჭრაზე", სიცრუეა.

ფორმულას კითხვას, გათვალისწინებულია თუ არა "იძულების" ზომა წინააღმდეგობის შემთხვევაში, უწყებაში არ პასუხობენ. პროკურატურის პრესსამსახური მხოლოდ განმარტავს, რომ "არავინ არ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას".

***

ტვ პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.

ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.

ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა. 

ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, არა ერთმა ადამიანმა მედიისა და თუ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილმა ან მასთან დაახლოებულმა პირებმა, ბერაზე ნეგატიური კომენტარის გამო, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული.  

პროკურატურამ ამ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.

 

close დახურვა