სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის ცნობით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი "შეეცდება" მანამდე დარჩეს საქართველოში, სანამ პოლიტიკური შეთანხმება არ შედგება. ამაზე ვაშაძემ დღეს დილით, 15 მარტს დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"კარგი ამბავია, რომ ბატონი [კრისტიან] დანიელსონი შეეცდება, მანამ იყოს საქართველოში, სანამ შეთანხმება არ მოხდება. მოლაპარაკება არ შეფერხდა, ის, რაც გუშინ საღამოს ქართული ოცნებისგან მოვისმინეთ. ოპოზიცია მზად ვართ, რაციონალური კომპრომისებისთვის. დეტალებზე ვერ ვსაუბრობთ", - ამბობს ვაშაძე.
გუშინ საღამოს, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ევროპელმა დიპლომატმა, კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ ბრიუსელში არ დაბრუნდება და თბილისში კიდევ ერთი დღით დარჩება, რათა "მხარეებს გამოსავლის მოძებნაში" დაეხმაროს.
დანიელსონი დღეს დილიდან ჯერ ქართულ ოცნებას შეხვდა, შემდეგ - ოპოზიციას. დღის ბოლოს გაერთიანებული სხდომა უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრის შემდეგ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დისკუსიები პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგაც გაგრძელდება, რადგან გარკვეული საკითხები დასაზუსტებელია, ხოლო ოპოზისიასთან ერთობლივი შეხვედრა დღეს აღარ გაიმართება.
ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელს 16 მარტს ეწვევა და შეხვედრებს ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ნატოში გამართავს. ასევე, გაიმართება ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომა, სადაც ღარიბაშვილი წარსდგება.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებებში შუამავლობის ხელშესაწყობად ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი გამოგზავნა.
დანიელსონი თბილისში 12 მარტს, გამთენიისას ჩამოფრინდა. იმავე დღეს შეხვდა ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს.
მიშელმა საქართველოში გამართული ვიზიტისას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მისი შუამავლობით შემდგარი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს 16 მარტს დაგეგმილი ვიზიტის დროს ევროპარლამენტში კონკრეტული შედეგებით ელიან.
მიშელმა საკითხების ჩარჩოც წარმოადგინა, რომელიც იმ საკვანძო თემებს მოიცავს, რომლის გარშემოც შემდგომი მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს.
დოკუმენტში სხვა რეფორმებთან ერთად ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაცაა შეტანილი.