ფრიდონ ინჯია, რომელიც პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით მოხვდა, ლევან მამალაძის შეწყალებას ითხოვს.
პარლამენტის ტრიბუნიდან მან სალომე ზურაბიშვილს მიმართა.
"იყვნენ მსჯავრდადებულები, რომლებიც თხოვნით, შუამდგომლობით, სხვადასხვა პოლიტიკური სიტუაციებიდან გამომდინარე, ამნისტირება გაუკეთა. ხალხს, რომელსაც ჰქონდა მილიონები მითვისებული და ათასი სხვა რაღაც.
რა გახდა მამალაძის შეწყალება. ადამიანი, რომელიც თითქმის 19 წელია, საქართველოში არ არის. ეს უკვე დასჯაა იმისთვის, რომ 19 წლის განმავლობაში ოჯახის წევრები შეეწირა მის ამ მდგომარეობას.
ლევან მამალაძე ჩემი არც მეგობარია, არც ნათესავია. მე ვიცნობ მას და გული მტკივა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ვერ შეძლო ჩამოსვლა ერთხელაც კი. მამის გარდაცვალება, ბიძის გარდაცვალება, კიდევ ათასი რამ. რა გახდა, რა გააკეთა ამ კაცმა, რა ოქროს ზოდები წაიღო. თუ რამე მოპარული ჰქონდა, ამ 19 წლის განმავლობაში ხომ გამოჩნდებოდა". - თქვა ინჯიამ.
ლევან მამალაძე ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს ქვემო ქართლის გუბერნატორი იყო.
საქართველო ვარდების რევოლუციის შემდეგ დატოვა. მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვა წარედგინა და 2006 წელს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ენმ-ის ხელისუფლება ლევან მამალაძეს ასევე ადანაშაულებდა 2003 წლის არჩევნების გაყალბებაში.
მამალაძემ შეწყალება 2020 წელს თავად ითხოვა.
შევარდნაძის ხელისუფლების ჩინოვნიკი მედიასთან რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა - მან ტვ იმედის ეთერით თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება ჟურნალისტების მკვლელობას გეგმავს, შემდეგ კი აპირებს, ეს ქართულ ოცნებას დააბრალოს. მამალაძის ამ განცხადების შემდეგ ტვ პირველის ჟურნალისტები, ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ თქვა, რომ ისინი პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებენ.
**
6 მარტს, TV პირველის გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა და ქვეყნის მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-კომენტარის გამო სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ ძალადობრივ ანგარიშსწორებას განიხილავენ.
ჩანაწერი მოიცავს კიდევ რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო მსგავსი ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.
ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს. ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა.
ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, არა ერთმა ადამიანმა მედიისა და თუ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილმა ან მასთან დაახლოებულმა პირებმა, ბერაზე ნეგატიური კომენტარის გამო, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ქართულ ოცნებას არ უარუყვია, რომ ჩანაწერი ავთენტურია, ისინი აქცენტს საუბრის დროზე აკეთებენ და ამბობენ, რომ ის 2010-2011 წლებშია გაკეთებული.
პროკურატურამ ამ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება 9 მარტს დაიწყო.