logo
ENG



კობახიძე: თუ ვინმეს მიზანია, მოლაპარაკება შეთანხმებით არ დასრულდეს, შეთანხმება ვერ იქნება

18 მარ 202113:22
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების თავმჯდომარე მედიატორებთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მოლაპარაკება ვერ შედგება, თუკი კონკრეტული პირების მიზანი იქნება მისი ჩაშლა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, მოლაპარაკებების ამოცანა შეთანხმებამდე მისვლაა, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ მხარეებზეა დამოკიდებული.

„ყოვლისშემძლე არავინაა. თუ ვინმესთვის თვითმიზანია, რომ ეს მოლაპარაკება შეთანხმებით არ დასრულდეს, მაშინ ვერ იქნება შეთანხმება. დამოკიდებულია ყველაფერი იმაზე, როგორ დამოკიდებულებას გამოავლენენ მხარეები. 

ამოცანა დიალოგის არის, რომ შევთანხმდეთ რაღაცაზე, შესაბამისად ყველაფერი განიხილება. არის სხვადასხვა იდეები მაგიდის გარშემო და იმედი გვაქვს, რომ მთელი ეს პროცესი იქნება წარმატებული, ყველაფერი მხარეების დამოკიდებულებაზეა დამოკიდებული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, განიხილება თუ არა ოპოზიციურ ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ „ეს არის მედიატორის გადასაწყვეტი". 

შვედი დიპლომატის შუამავლობით დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს. როგორც მედიისთვის ცნობილია, მედიატორების ჩართულობით მოლაპარაკებები დღესაც უნდა გაიმართოს.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გუშინ, 17 მარტს გამართული შეხვედრა რამდენიმე საათს გრძელდებოდა. 

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ შეხვედრა რთული და მძიმე იყო. 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი შეხვედრა "ძალიან კარგად" შეაფასეს. 

17 მარტის შეხვედრა დროზე ადრე დატოვა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა. 

მიზეზად მან დაასახელა ის, რომ რიგგარეშე არჩევნების თარიღი და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი რიგით პირველ თემებად არ განიხილება. 

დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და არაერთხელ შეხვდა როგორც ოცნებას, ისე ოპოზიციურ პარტიებს. 

დანიელსონამდე კი საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი იმყოფებოდა. მან 6-პუნქტიანი დოკუმენტი წარადგინა, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას უნდა განეხილა. მათ შორის იყო რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების საკითხი. 

 


close დახურვა