აქტივისტსა და პარტია თავისუფალი საქართველოს ყოფილ წევრს გოგი წულაიას ბრალდება დაუმძიმდა.
როგორც წულაიას ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა ფორმულას განუცხადა, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი, 138-ე მუხლად გადაკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით [გაუპატიურება] გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, წულაიას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურის ინფორმაციით, წულაიას ბრალდება უკვე წარუდგინეს. უწყება მის პატიმრობას ითხოვს.
რაც შეეხება დაზარალებულს, მას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
წულაიამ პროტესტის ნიშნად დღეს, 18 მარტს შიმშილობა დაიწყო.
გოგი წულაია გუშინ 17 მარტს დააკავეს. შსს-ში ამბობენ, რომ წულაიამ თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე ფიზიკურად იძალადა.
ქალი, რომელიც ამბობს, რომ წულაიამ მასზე იძალადა, ფორმულასთან საუბარში ყვება, რომ წულაია "ძალადობასა და ჟინის მოკვლას ცდილობდა". მისი თქმით, წულაია პატრულის გამოძახებით შეაშინა და ბინიდან გამოქცევა მოახერხა.