logo
ENG



ექთანი, რომელიც ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდეგ დამძიმდა, თბილისში გადმოჰყავთ

18 მარ 202117:44
3 წუთის საკითხავი
clock 10700
2021/03/18/8x05og56m21nis9.jpg

ექთანი, რომელიც ახალციხეში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ მძიმე მდგომარეობაშია, თბილისში გადმოჰყავთ.

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ექთანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 

გამყრელიძე ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, რამ გამოიწვია მდგომარეობის დამძიმება, თუმცა ამბობს, რომ სავარაუდოდ, მიზეზი ანაფილაქსიური (ალერგიული) რეაქცია გახდა, რაც, ზოგადად ვაქცინების შემთხვევაში, საშუალოდ, მილიონიდან ერთ შემთხვევაში ხდება.

"დღეს, ახალციხეში იმედის კლინიკაში, რომელიც უკვე სამი დღეა აწარმოებს აცრებს და აცრილი ჰყავს დაახლოებით 16 ადამიანი, 12:15 საათზე აიცრა ჩვენი კოლეგა, 27 წლის ქალბატონი, რომელიც როგორც ვიცი ანამნეზით, სისტემატურად იტარებდა გრიპის საწინააღმდეგო აცრას და არ აღნიშნავდა წინასწარი ინფორმაცია ანამნეზში ალერგიულ რეაქციებს. ამ აცრის შემდეგ ამ ქალბატონმა პირდაპირ ეთერში მოუწოდა სამედიცინო პერსონალს აცრების გააქტივებისკენ. სამწუხაროდ, 30 წუთში განვითარდა დაუყოვნებელი რეაქცია. ჩვენ ჯერ არ ვიცით, ეს იყო ალერგიული თუ სხვა, თუმცა, ექიმებთან წინასწარი საუბრით, გვეუბნებიან, რომ უფრო ჰგავდა ეს ანაფილაქსიურ რეაქციას.

ადგილზე დროულად ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება რაც ამ დროს პროტოკოლით არის გათვალისინებული, არ მოიხსნა რეაქცია და გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა და საჭირო გახდა მისი ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა. ჩასულია ადგილზე კატასტროფის ბრიგადად და ავადმყოფის ევაკუაცია ხდება თბილისში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის განმარტებით, ანაფილაქსიური რეაქცია ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული, თუმცა იშვიათი გვერდითი მოვლენაა, რომელიც ვაქცინის გაკეთების შემდეგ შეიძლება განვითარდეს.

მისივე თქმით, ასეთი რეაქციები მილიონიდან ერთ შემთხვევაში ფიქსირდება.

"ვაქცინებზე, ზოგადად, არსებობს მსუბუქი გვერდით მოქმედებები და სერიოზული. ყველაზე სერიოზული გვერდითი მოქმედება რომელიც ვითარდება სწრაფად ვაქცინის ან ანტიბიოტიკის შეყვანის შემდეგ, ეს გახლავთ ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ვითარდება ინექციიდან 15-30 წუთში, შეიძლება იყოს მოგვიანებითაც. ზოგადად მიღებულია, რომ საშუალოდ იმ ვაქცინებზე, რომელსაც იყენებს კაცობრიობა ბავშვების ასაცრელად, ანაფილაქსიური რეაქციები ხდება დაახლოებით მილიონზე ერთი. ანაფილაქსიური რეაქცია შეიძლება წავიდეს მსუბუქად და საკმაოდ მძიმედ, შეიძლება, სამწუხაროდ, დამთავრდეს ფატალურადაც", - განაცხადა გამყრელიძემ.

დღეს, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა იმედში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი შეუძლოდ გახდა და ის მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს. მომხდარს კლინიკაში ხმაური მოჰყვა და დაპირისპირება მოჰყვა. ექთნის ახლობლებმა შენობის მინები ჩაამტვრიეს. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.


close დახურვა