logo
ENG



ფაშინიანის თქმით, ის აპრილში გადადგება, რათა ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს

28 მარ 202117:46
3 წუთის საკითხავი
clock 908
2021/03/28/tqe2tn391zcnblg.jpeg

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით ის თანამდებობას აპრილში დატოვებს. შესაბამისი განცხადება პრემიერმა არმავირის ოლქის მცხოვრებლებთან შეხვედრის დროს გააკეთა. 

"დიახ, უახლოეს მომავალში, აპრილში მე დავტოვებ თანამდებობას, არა იმისთვის, რომ წავიდე, არამედ იმისთვის, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს. ამ პერიოდის განმავლობაში მე პრემიერმინისტრის მოვალეობებს შევასრულებ", - თქვა ფაშინიანმა

შეგახსენებთ, 18 მარტს ფაშინიანმა სომხეთში საპარლამენტო ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ განაცხადა. არჩევნები მიმდინარე წლის 20 ივნისს გაიმართება. 

ცნობისთვის, სომხეთში ბოლო პერიოდის განმავლობაში საპროტესტო აქციები არ წყდება. მოქალაქეების მათი უცვლელი მოთხოვნა ნიკოლ ფაშინიანის გადადგომაა.  

აღსანიშნავია, რომ სომხეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც გენერალურმა შტაბმა ნიკოლ ფაშინიანის და მისი მთავრობის გადადგომა მოითხოვა. ეს მოთხოვნა ფაშინიანმა სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა. 

გენშტაბი თავის განცხადებაში ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნას იმით ხსნის, რომ პრემიერმინისტრსა და მთავრობას გონივრული გადაწყვეტილებების მიღება აღარ შეუძლიათ. თავის მხრივ ფაშინიანმა გენშტაბის უფროსი და მისი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა. 

ფაშინიანის მიმართ მზარდი საზოგადოებრივი წნეხი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთის მიერ წაგებულ პოზიციებს მოჰყვა. მას შემდეგ, რაც 10 ნოემბერს მხარეებს შორის, რუსეთის შუამდგომლობით, სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა, სომეხი ოპოზიციური ძალები და მათი მხარდამჭერები ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ. 

შეთანხმების გაფორმების შემდეგ, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის დიდი ნაწილზე, რომელიც 1990-იან წლებში დაკარგა, კონტროლი აღიდგინა. თავად ფაშინიანმა განაცხადა, რომ შეთანხმება ერთადერთი გამოსავალი იყო სომხური მხარისთვის, რათა აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის მთელ რეგიონზე არ მიეტანა იერიში. 


close დახურვა