logo
ENG



ევროპარლამენტარი: მელიასთან დაკავშირებით, გამოსავალი შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში უნდა იყოს

30 მარ 202119:03
3 წუთის საკითხავი
 
ევროპარლამენტარი: მელიასთან დაკავშირებით, გამოსავალი შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში უნდა იყოს

ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი ამბობს, რომ ნიკა მელიას საქმე, საქართველოს მართლმსაჯულების ტესტის თვალსაზრისით, დიდი ყურადღების ცენტრშია და გამოსავალი შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში უნდა მოიძებნოს. 

"არსებობს ბევრი გაურკვეველი გარემოება მელიასთან დაკავშირებით. მისი დაკავება იმ დროისთვის გადადეს, როცა პოლიტიკური კრიზისი ძალიან მწვავე იყო. ეს ვერ დაეხმარება საქართველოს.

რაც არ უნდა მოხდეს ბატონ მელიას შემთხვევაში, ეს თემა დიდი ყურადღების ცენტრშია მართლმსაჯულების ტესტის თვალსაზრისითაც. ვფიქრობ, მელიასთან დაკავშირებით, გამოსავალი უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში", - ამბობს აუსტრევიჩუსი. 

ევროპარლამენტარის თქმითვე, გასატარებელი რეფორმების ფონზე, მისთვის გასაგებია, რომ ოპოზიციისთვის გადაუდებელია ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება. 

"ვსაუბრობთ რა არჩევნებზე, საარჩევნო რეფორმასა და კანონის  უზენაესობაზე, სასამართლო რეფორმაზე, სრულიად გასაგებია, რომ ახლა ოპოზიციისთვის ყველაზე გადაუდებელია ბატონი მელიასა და ბატონი რურუას გათავისუფლება, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის გამოწვევა ამ შემთხვევაში", - ამბობს ის. 

***

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

2020 წლის პირველი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. თბილისის საქალაქო სასამართლოს 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე. 

მელიამ სწორედ ეს გირაო მიიჩნია უკანონოდ და არ გადაიხადა, რა საბაბითაც მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 17 თებერვალს მელიას აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით შეუცვალა.

17 თებერვალსვე, მანამ, სანამ საქმის განხილვა დასრულდებოდა, ენმ-ის ოფისთან პოლიცია და სპეცრაზმი შეიკრიბა. მათ მელია უნდა დაეკავებინათ. დაკავებას ხელი მხარდამჭერების და ოპოზიციური პარტიების სიმრავლემ შეუშალა. ხოლო მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, შსს-მ განაცხადა, რომ მელიას დაკავების ოპერაცია დროებით გადაიდო. 

23 თებერვალს ნიკა მელია მაინც დააკავეს.  მის დასაკავებლად პოლიცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შტურმით შევიდა და დახურულ სივრცეში წიწაკის გაზიც გამოიყენა. 

ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავებას  საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკული გამოხმარებები მოჰყვა.


close დახურვა