logo
ENG



47 ინფიცირებული რუსეთში - ოპოზიციისთვის გაუგებარია, რატომ არ იზღუდება მეზობელთან გადაადგილება

14 მარ 202020:33
3 წუთის საკითხავი
 

მაღალი რისკის ქვეყნებთან ფრენები შეჩერებული ან შეზღუდულია, საზღვრები ჩაიკეტა მეზობელ სახელმწიფოებთანაც, თუმცა რუსეთთან მიმოსვლის შეზღუდვაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არავინ საუბრობს.

კითხვის ნიშნებს აჩენს, რამდენად სანდოა მონაცემები, რომელთაც რუსეთის ხელისუფლება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აწვდის და როგორია ვირუსის გავრცელების რეალური სურათი მეზობელ ქვეყანაში.

ოპოზიციისთვის გაუგებარია, რატომ არ იზღუდება გადაადგილება რუსეთთან მაშინ, როცა დანარჩენ სამივე უშუალო მეზობელთან დაწესდა შეზღუდვები. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ რუსეთი ხშირად მალავს რეალურ ინფორმაციას და ვარაუდობენ, რომ ამ შემთხვევაშიც იგივე ხდება.

„ცოტა არ იყოს, გაუგებარია ეს გადაწყვეტილება - გადაიკეტა საზღვარი აზერბაიჯანთან, სომხეთთან და არ ეხება რუსეთთან საზღვარს. ყველამ კარგად ვიცით, რომ რუსეთი ხშირად მალავს ინფორმაციას. რა პრინციპიც მოქმედებს საზღვრის მონაკვეთებზე სხვებთან, იგივე პრინციპი უნდა იყოს რუსეთთანაც", - აცხადებს ზურაბ მელიქიშვილი. 

ამირან გამყრელიძე იმედოვნებს, რომ რუსეთის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სწორ ინფორმაციას აწვდის, თუმცა ამბობს, რომ ეს პოლიტიკის საკითხია და თავად კომენტარს ვერ გააკეთებს.

„რაც შეეხება რუსეთს - ეს პოლიტიკური საკითხია, კომენტარს არ ვაკეთებ. რუსეთის გახლავთ ჯანმოს წევრი და უნდა აწვდიდნენ ინფორმაციას 24 საათში ერთხელ",  -  აცხადებს ამირან გამყრელიძე.

პრემიერის მრჩეველი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე ის ინფორმაციას არ ფლობს და გადაწყვეტილებას პრემიერთან არსებული საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.

„ხომ იყო ინფორმაცია, რომ რუსეთის მოქალაქეები ვერ იმოძრავებენ აზერბაიჯანისა და სომხეთის გავლით. დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, გადაწყვეტილებას მიიღებს შტაბი. ვერ გეტყვით, ახლა მიდის თუ არა მსჯელობა - მე არ ვარ არც შტაბის წევრი და არც ამის სპეციალისტი.

რუსეთი ერთადერთი უშუალო მეზობელია საქართველოსი, რომელთანაც მოქალაქეების გადაადგილება შეზღუდული არ არის - რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკოორდინაციო საბჭო ან აპირებს თუ არა რუსეთთან გადაადგილების შეზღუდვის დაწესებას - ამ ეტაპზე უცნობია.


close დახურვა