logo
ENG



"აუცილებელია მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა" - შუალედური ანგარიში ვაშლიჯვრის მეწყერზე​

01 აპრ 202120:08
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/01/h83czc9kllpqe9b.jpg

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი მაჭავარიანის ქუჩის მეწყერთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მცირეა ალბათობა იმისა, რომ დაძრული მასა გელოვანის გამზირამდე ჩავიდეს, თუმცა იმის გამო, რომ მეწყრის გავრცელების არეალის ზუსტი პროგნოზირება ხშირად შეუძლებელია, აუცილებელია, მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხდეს.

"გეოლოგიური, გეოდეზიური და გეოფიზიკური კვლევების საფუძველზე, ვასკვნით, რომ მაჭავარიანის ქუჩის ბლოკური მეწყერი დინამიკაშია.

მეწყრის გამომწვევი მიზეზები: მაჭავარიანის ქუჩაზე წარმოებული გზის გაფართოება-გაყვანის და წყალსადენის მილების რეაბილიტაციის დროს წარმოებული სამუშაოები (ფერდის დატვირთვა).

მაჭავარიანის ბლოკური მეწყრის სხეული განიცდის ინტენსიურ დეფორმაციას. დაძაბულობის სრული ველის შესაფასებლად აუცილებელია აპარატურა, რომელიც დაკვირვების რეზოლუციას გაზრდის.

მაჭავარიანის ბლოკური მეწყრის სხეული დანაწევრებული და არაერთგვაროვანია, შესაბამისად მოწყვეტის შემთხვევაში, დიდი ალბათობაა არაერთგვაროვანი და დანაწევრებული მასა დაიძრას. გეოფიზიკურ პროფილებზე ცხადად დაიკვირვება შესაძლო მოწყვეტის ზედაპირები.

მეწყრის მოწყვეტის ფაზის შესაძლო იდენტიფიკაციისათვის საჭიროა სპეციალური აპარატურა, რომელიც მაღალი სიზუსტით მოგვცემს საშუალებას განვსაზღვროთ სხეულის გადაადგილება, სიჩქარე და აჩქარება. (ლიდარული გადაღება, ექსთენსომეტრი, ვიწრო სიხშირულსპექტრიანი სეისმომეტრები და სხვა).

მეწყრის დაძვრის შემთხვევაში, აუცილებელია განვიხილოთ ყველა შესაძლო ექსტრემალური სცენარი, რომელიც მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

სრულყოფილი მონიტორინგისათვის აუცილებელია მეწყრის პერიმეტრის რეგულარული დაცვა, ზედმეტი ვიბრაციის, ფერდის დატვირთვის თავიდან ასაცილებლად და ფონური ხმაურის დასაწევად.

ბლოკური მეწყრის ხასიათის, გავრცელების არეალის ტოპოგრაფიიდან გამომდინარე, შედარებით მცირეა ალბათობა იმისა, რომ დაძრული მასა გელოვანის გამზირამდე ჩავიდეს, მაგრამ მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მცირე ალბათობაც გასათვალისწინებელია.

ვინაიდან მეწყრის გავრცელების არეალის ზუსტი პროგნოზირება ხშირად შეუძლებელია, აუცილებელია გავრცელების სავარაუდო არეალიდან მოსახლეობის უსაფრთხო ადგილზე დროებით გადაყვანა", - ნათქვამია ანგარიშში.

თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზასთან მეწყრული პროცესების დაწყებაზე ცნობილი 18 მარტს გახდა. თუმცა, ფორმულას ინფორმაციით, თბილისის მერია მეწყრული პროცესების შესახებ სექტემბერშივე იყო ინფორმირებული. ხოლო ნაპრალების გაჩენის შესახებ თბილისის მერს 1 მარტს ჰქონდა ინფორმაცია.

ფერდობზე ნაპრალების ამსახველი ფოტო ინტერნეტით, Forum.ge-ზე გავრცელდა. ამის მიუხედავად, ადგილზე მძიმე ტექნიკის გამოყენებით გზის დაგების სამუშაოები ისევ გრძელდება.

რა ხდება ფერდობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სრულად იხილეთ აქ.

 

close დახურვა