logo
ENG



საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში 100 ცნობად სახეს საჯაროდ აღარ აცრიან

06 აპრ 202115:00
3 წუთის საკითხავი
clock 356
2021/04/06/rq12v7mqh0uw8ck.jpg

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში კორონავირუსის ვაქცინით 100 ცნობად სახეს აღარ აცრიან.

როგორც გაბუნიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, კამპანიას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა, ამიტომ გადაწყვიტეს, საჯაროდ ის ცნობადი სახეები აცრან, რომლებსაც ვაქცინა ისედაც ეკუთნით.

"რაც შეეხება 100 ცნობილი ადამიანის კამპანიას, აქ ჩვენი მთავარი მოტივაცია იყო ნდობის დაბრუნება და ცნობადი სახეების მიერ საკუთარი მაგალითის გაზიარება მოქალაქეებისთვის. თუმცა, მოგეხსენებათ, როდესაც ეს კამპანია დაანონსდა, მალევე ქვეყანაში შემოვიდა ფაიზერი. ფაიზერის ვაქცინაზე აქტივობა არის ძალიან მაღალი. ამ შემთხვევაში, 100 ცნობადი სახის ჩართვა, რომელსაც სხვაგვარად ვაქცინაზე წვდომა არ ექნებოდა მისი რისკებიდან გამომდინარე, გამოიწვევდა გარკვეულ უსამართლობის, უთანასწორობის შეგრძნებას და ფაიზერთან მიმართებაში პრომოციის აუცილებლობაც არ არსებობდა.

რაც შეეხება ასტრაზენეკას ვაქცინას, ამ ვაქცინაზეც უფრო უპრიანი და მნიშვნელოვანია ის ცნობადი სახე ჩაერთოს პროცესში, ვისაც ისედაც ეკუთნის. ამდენად, ჩვენ კამპანიაში ჩავრთეთ ის ცნობადი სახეები, ვისაც ეკუთვნოდა ვაქცინა, დამატებით ამის აუცილებლობა აღარ დადგა", - თქვა გაბუნიამ.

ცნობისთვის, 25 მარტს, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ვაქცინაციის პროცესში ცნობადი სახეების მონაწილეობაზე ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას 100-მდე ცნობადი ადამიანი გამოეხმაურა, რომლებიც მზად იყვნენ, ​​კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აცრილიყვნენ.


close დახურვა