logo
ENG



სუს: მომხდარმა წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების დანაშაულებრივი არსი

07 აპრ 202112:07
3 წუთის საკითხავი
clock 425

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მდინარე ენრგურში ნაპოვნი სამი ადამიანის ცხედართან დაკავშირებით განცხადებას ავრცლებს და აღნიშნავს, რომ მომხდართან დაკავშირებით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშრის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მომხდარმა კიდევ ერთხელ აჩვენა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი, რომელზეც სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

"საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთისას, სოფელ შამგონასა და სოფელ თაგილონის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დამკვიდრებული უკანონო დაკავებებისთვის თავის არიდების მიზნით ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს სამი მოქალაქე ცდილობდა მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას. მდინარე ენგურის გადმოკვეთისას სამივე მათგანი დაიღუპა", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

სუს-ის მიერ გავრცელებულ განცახებაში ასევე ნათქვამია, რომ მომხდარი საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე უკანონოდ დაწესებული შეზღუდვებისა და უკანონო დაკავებების დამაზიანებელი პრაქტიკის შედეგია.

"წლების განმავლობაში თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებულმა უკანონო ე.წ. რეგულაციებმა და შეზღუდვებმა მნიშვნელოვნად გაართულა ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობა და არაერთი მათგანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ყველა ინციდენტის, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავების ფაქტზე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშრის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები. საკთხის განხილვა მოხდება უმწვავესი ფორმით ყველა არსებული ფორმატის ფარგლებში", - ნათქვამია განცხადებაში.

სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მდინარე ენგურიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 143-ე (ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა) მუხლებით მიმდინარეობს.

ფორმულას ინფორმაციით, მოქალაქეები ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოვლითი გზით ცდილობდნენ შემოსვლას.


close დახურვა