logo
ENG



აფგან მუხთარლი 8 აპრილს თბილისში პრესკონფერენციას გამართავს

07 აპრ 202114:04
3 წუთის საკითხავი
clock 428
აფგან მუხთარლი 8 აპრილს თბილისში პრესკონფერენციას გამართავს

8 აპრილს, 11:00 საათზე, აფგან მუხთარლი პრესკონფერენციას თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში გამართავს. ორგანიზაციის განცხადებით, მუხთარლი საქართველოს პროკურატურისათვის ჩვენების მიცემას გეგმავს. 

საქართველოს პროკურატურა მუხთარლის საქმეზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) აწარმოებს.

ამ დრომდე საქმეზე არც ერთი პირის ბრალეულობა არ გამოკვეთილა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არავინაა მიცემული.

აფგან მუხთარლი საქართველოს პროკურატურისთვის ჩვენების მისაცემად ქვეყანაში შემოსვლას გასული წლის ოქტომბერშიც აპირებდა, თუმცა მაშინ თქვა, რომ საზღვრის გადაკვეთაზე უარი უთხრეს.

ამის გამო მუხთარლიმ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ჟურნალისტმა თქვა, რომ საქართველოს პროკურატურის მხრიდან მისი გატაცების ფაქტზე დამოუკიდებელი გამოძიებისთვის ხელის შეშლას მთავრობა მისი ჩამოსვლის თავიდან არიდებით ცდილობდა, რაც "ადასტურებდა იმას, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება თავად იყო მის გატაცებაში მონაწილე მხარე". 

ცნობისთვის, აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს და აზერბაიჯანში 30 მაისს დააპატიმრეს. იგი საქართველოში აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული პოზიციის გამო განხორციელებულ დევნას გაურბოდა. აზერბაიჯანში დაპატიმრების შემდეგ მუხთარლის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით სასამართლომ 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

სამწლიანი პატიმრობის შემდეგ 2020 წლის 17 მარტს აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლეს და სპეციალური რეისით გერმანიაში გადააფრინეს, სადაც 2019 წლიდან მისი მეუღლე და შვილი ცხოვრობენ.

საქართველოს პროკურატურა აფგან მუხთარლის გატაცების საქმეს 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) ფორმალურად დღემდე იძიებს.


close დახურვა