logo

პრემიერი ენგურზე: ინციდენტებზე მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი

08 აპრ 202116:43
3 წუთის საკითხავი
clock 129
2021/04/08/sd6en93rej7716d.jpg
საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მდინარე ენგურში ოთხი ადამიანის გარდაცვალებას ეხმაურება და მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას რუსეთის საოკუპაციო ძალებს აკისრებს.

პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ „თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავების ფაქტზე, საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი მკაცრად დადგება".

 "მინდა გამოვეხმაურო გუშინ მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, რომელსაც ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი ჩვენი ოთხი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. მინდა, მთელი გულით მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ვიზიარებ მათ მწუხარებას. ეს ადამიანებიც სწორედ ამ მჩაგვრელი ოკუპაციის მსხვერპლი გახდნენ, რადგან წლების განმავლობაში სწორედ ამ უკანონო შეზღუდვებმა არათუ დაამძიმა მათი ყოველდღიურობა, არამედ ჩვენი არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალები უხეშად არღვევენ ჩვენი მოქალაქეების უფლებებს.

"ეს წინა წლებშიც მომხდარა, საუბედუროდ, რუსეთის საოკუპაციო ძალები დღემდე უხეშად არღვევენ ჩვენი მოქალაქეების ძირითად უფლებებს და სრული პასუხისმგებლობაც სწორედ მათ ეკისრებათ, რაც უკვე სამართლებრივადაც არის აღიარებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ ყველა ინციდენტის, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავების ფაქტზე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

7 აპრილს, მდინარე ენგურის გადმოცურვის დროს 4 ადამიანი დაიღუპა.

ოკუპირებულ გალში მცხოვრებლებს ზუგდიდში პენსიის ასაღებად, მედიკამენტების და პროდუქტის შესაძენად გადმოსვლის დროს 5-დღიანი კარანტინის გავლა უწევთ, რის გამოც ისინი ხშირად ენგურის გადმოლახვას ამჯობინებენ. ზოგი შემთხვევა ტრაგიკულად სრულდება.

close დახურვა