logo
ENG



სამხარაძე: მუხთარლის საქმემ ქვეყნის იმიჯი დააზიანა, ვისი პრემიერობისას მოხდა, ხალხმა იცის

08 აპრ 202118:21
3 წუთის საკითხავი
clock 2545
2021/04/08/hf4pq5mpp9ueh8l.jpg

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმემ საქართველოს იმიჯი დააზიანა.

მუხთარლის გატაცებაზე საუბრისას, სამხარაძე ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის პერსონალურ პასუხისმგებლობაზე მიანიშნებს.

"გეთანხმებით, რომ მუხთარლის საქმემ საქართველოს იმიჯი დააზიანა. ეს არ იყო კარგი და სასიამოვნო ამბავი, თუმცა დეტალები, ვინ იყო ამაში ჩართული, ვისი ბრძანებით გაკეთდა, ვისი პრემიერობის დროს, ვინ იყო მაშინ გადაწყვეტილების მიმღები პირი და ასე შემდეგ, საზოგადოებამ ყველაფერი იცის. რაც შეეხება გამოძიების ნაწილს, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს და აზერბაიჯანში 30 მაისს დააპატიმრეს. ამ პერიოდში საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტს გიორგი კვირიკაშვილი იკავებდა. მუხთარლი საქართველოში აზერბაიჯანის ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული პოზიციის გამო განხორციელებულ დევნას გაურბოდა. აზერბაიჯანში დაპატიმრების შემდეგ მუხთარლის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდისა და ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით სასამართლომ 6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

სამწლიანი პატიმრობის შემდეგ 2020 წლის 17 მარტს აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლეს და სპეციალური რეისით გერმანიაში გადააფრინეს, სადაც 2019 წლიდან მისი მეუღლე და შვილი ცხოვრობენ.

საქართველოს პროკურატურა აფგან მუხთარლის გატაცების საქმეს 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) ფორმალურად დღემდე იძიებს. 

გამოძიების ფარგლებში გამოკითხვის მიზნით მუხთარლი დღეს, 8 აპრილს პროკურატურაში იმყოფებოდა, თუმცა უწყებიდან გამოსვლის შემდეგ თქვა, რომ გამოკითხვა ვერ შედგა, რადგან "აზერბაიჯანულის ნაცვლად, თურქულენოვანი თარჯიმანი დაახვედრეს".


close დახურვა