დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემიის გათვალისწინებით, აღდგომის დღესასწაულის გამართვაზე საკითხების განხილვა საპატრიარქოსთანაც მოხდება.
ამასთან, გამყრელიძის თქმით, დაცული უნდა იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რომ ეპიდვითარება არ გაუარესდეს.
"დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს თავისი რეკომენდაციები. რა თქმა უნდა, იქნება შეხვედრები, საუბარი საპატრიარქოსთან, რათა, როგორც შარშან, ჩვენ საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ, რომ აღდგომამ, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის ამ ყველაზე დიდმა დღესასწაულმა ჩაიაროს ისე, როგორც ჩვენ გვეკადრება და მოსახლეობას სჭირდება. ამასთან, მეორეს მხრივ დაცული უნდა იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რომ დამატებითი სტიმული არ გახდეს ეპიდემიის გავრცელების. ვფიქრობ, შეთანხმებამდე მივალთ და ისეთზე, რომ ზომიერ ფარგლებში ვიდღესასწაულოთ ჩვენი დღესასწაული და დავიცვათ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებიც", - ამბობს ამირან გამყრელიძე.