logo
ENG



უგულავა: არ ვიქნები ევსაქების ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება - პარტია დავტოვე

10 აპრ 202111:54
3 წუთის საკითხავი
clock 994
ვახო ქარელი/ფორმულა

გიგი უგულავა ევროპული საქართველოს პარტიულ ყრილობას არ დაესწრება. როგორც თავად აცხადებს, ამ ფორმით საბოლოოდ გაფორმდება მისი პარტიიდან წამოსვლა.

გიგი უგულავამ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა და აღნიშნა, რომ პარტიაში სიახლეების დრო მოვიდა, რაც, პირველ რიგში, ლიდერების ცვლილებით უნდა დაიწყოს.

დღეს მე არ ვიქნები ევროპული საქართველოს ყრილობაზე, რითაც საბოლოოდ გაფორმდება - მე პარტია დავტოვე

2020-ის არჩევნების ტოტალური გაყალბების მიუხედავად, პარტიისთვის ეს არჩევნები წარუმატებელი იყო. ასეთ დროს სრულიად ლოგიკურია, რომ მმართველმა ლიდერებმა აღარ იყარონ კენჭი და მისცეს სხვებს შესაძლებლობა განავითაროს პარტია. ამასვე ითვალისწინებს პარტიის წესდებაც. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ. 

პარტიას განახლება სჭირდება, განახლება, რომელიც მემკვიდრეობითობას, კურსის გაგრძელებას, მის გაუმჯობესებას და არა წარსულთან დაპირისპირებას ან უარყოფას, გულისხმობს. ვწუხვარ, მაგრამ გზა რომელიც ახლა პარტიამ აირჩია, უფრო წარსულში სვლას ჰგავს, ვიდრე მომავლისკენ.

მე თავად ვაპირებ ვიყო უპარტიოდ. ვიქნები ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ პარტიებთან თუ სამოქალაქო ჯგუფებთან ერთად ბრძოლაში. შესაბამისად, ევროპულ საქართველოსთანაც ცივილიზებული, საქმიანი ურთიერთობის იმედს ვიტოვებ", -წერს გიგი უგულავა.

ოპოზიციონერი ლიდერი, ასევე, საუბრობს გიგა ბოკერიას პოზიციებზე და ამბობს, რომ მას და დავით ბაქრაძეს ბოკერიასგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ. 

უგულავა აცხადებს, რომ გიგა ბოკერია პარტიის დატოვებას არ აპირებს, რაც, მისივე აზრით, არასწორია.

„სამწუხაროდ, ჩვენი მოსაზრება გავწეულიყავით პარტიის მართვისგან, დავრჩენილიყავით მხოლოდ პოლიტსაბჭოს რიგით წევრებად, არ გაიზიარა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ. მისი არგუმენტია რომ ახლა ამის დრო არაა. ჩემის აზრით, ეს არასწორია, რადგან ამ ლოგიკით ამის დრო არც არასდროს დადგება. ლიდერობა სწორედ იმას ნიშნავს, რომ შენ გყოფნის ნება გაიწიო და არ დაელოდო როდის გაგწევენ.

მადლობას ვუხდი პარტიის ყველა წევრს, განურჩევლად რა პოზიციაზეა ის. ყველა ეს ადამიანი ჩემთვის ძვირფასია. მჯერა, რომ პარტიით თუ უპარტიოდ ისინი თავისუფალი საქართველოსთვის ბრძოლაში თავის სიტყვას იტყვიან. მადლობას ვუხდი გიგა ბოკერიას. ჩვენი ურთიერთობა გასული საუკუნიდან იწყება. ბევრი რამ გადაგვიტანია ერთად, ბევრისთვისაც მიგვიღწევია. ბევრ საკითხში ჩვენ თანამოაზრეები ვართ, მაგრამ ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა. ის რაც მისთვის პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილებაა, ჩემთვის ლამაზად შეფუთული უპასუხისმგებლობაა. თუმცა არც ამას აქვს ახლა მნიშვნელობა. იმის მიუხედავად, თუ როგორ ვუყურებ ევროპული საქართველოს პერსპექტივას, მე მას გულწრფელად წარმატებას ვუსურვებ", - აცხადებს გიგი უგულავა.

გიგი უგულავას მსგავსად, პარტიას ტოვებს მოქმედი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე. დღეს ჩანიშნულ პარტიულ ყრილობაზე ევროპული საქართველოს ახალ თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს აირჩევენ.


close დახურვა