logo
ENG



შეწყდეს რიონის ხეობის ოკუპაცია! - თბილისში ხვალ აქცია გაიმართება

11 აპრ 202118:49
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/11/07t87ewc1zc5jpn.jpg

ხვალ, 12 აპრილს თბილისში რიონის ხეობის მოსახლეობის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან 16:00 საათზე დაიწყება.

ორგანიზატორების თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ბინძურ მეთოდებს იყენებს და აქტივისტების კარვებს ცრუ მიზეზებით შლის. ისინი ხვალ მოითხოვენ, "რიონის ხეობის ოკუპაცია შეწყდეს".

"მთავრობამ გუშინ დატრიალებული ტრაგედია გამოიყენა ინსტრუმენტად რომ დაეშალა კარვების ბანაკი, სადაც 170 დღეა ხალხი სახელმწიფოს ღირსებას მათ მაგივრად იცავს. როგორც ჩანს ისინი ვერ ხვდებიან, რომ ეს უსამართლო ნაბიჯი კი არ შეანელებს, არამედ გააძლიერებს წინაღმდეგობას!

შსს იყენებს ბინძურ მეთოდებს და ცრუ მიზეზებს, თითქოს წყლის ადიდების საფრთხეა, მაშინ როცა კარვების მიწაზე არ არსებობს ეს საფრთხე; უდგამს ალკოჰოლით სავსე ჭიქებს კარვების დაშლისას მაგიდებზე გუშინდელი ტრაგედიის შემდეგ დაზაფრულ ხალხს, რომელსაც კარვების ტერიტორიაზე აკრძალული აქვს შინაგანაწესით ალკოჰოლის შეტანა.

მთავრობა ვერ გაიტანს ამ ბინძურ განზრახვას ხალხის წინააღმდეგ - ის ვერ შეაჩერებს ამ სამართლიან, სახალხო, ისტორიულ ბრძოლას! მოგიწოდებთ ყველას, ვინც ხვალ ვერ მოახერხებს გუმათში წასვლას, შევიკრიბოთ ხვალ, 16:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან რიონის ხეობის მოსახლეობის მხარდასაჭერად და მოვითხოვოთ: შეწყდეს რიონის ხეობის ოკუპაცია, ბრძოლას ვერ შეაჩერებთ", - ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებითსოფელ ნამახვანში, მდინარე რიონის წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება, ამიტომ, მიიღეს გადაწყვეტილება, "საფრთხის შემცველი ზონიდან კარვების გატანისა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ". აქტივისტები ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ შსს კარვების დასაშლელად მიზეზებს ეძებს. ადგილზე ამ დროისთვის ვითარება დაძაბულია.


close დახურვა