logo
ENG



POG: დედას, რომელმაც 12 წლის შვილის გაუპატიურება პოლიციას არ შეატყობინა, ბრალი წარედგინა

14 აპრ 202113:10
3 წუთის საკითხავი
clock 3686

პროკურატურამ 14 წელს მიუღწეველი გოგონას მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდება არასრულწლოვნის დედას წარუდგინა.

საქმე ეხება გორის რაიონის ერთერთ სოფელში მომხდარ შემთხვევას, სადაც 13 წლის გოგომ იმშობიარა. 

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულისთვის შვილის გაუპატიურების შესახებ ცნობილი იყო, თუმცა მან სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლიდან 2020 წლამდე ზ.მ. იყენებდა მისთვის წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველი გოგონას ასაკით გამოწვეულ უმწეობას და ძალადობის გამოყენებით, სისტემატურად აუპატიურებდა მას. ზ.მ.-ს ქმედების შედეგად არასრულწლოვანი დაორსულდა და 2020 წლის 21 ივნისს ბავშვი გააჩინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ე.ს.-სთვის ცნობილი გახდა ზ.მ.-ს მიერ მისი შვილის გაუპატიურების ფაქტი, თუმცა ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოს არ შეატყობინა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ე.ს.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ 4 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის რაიონის ერთერთ სოფელში 13 წლის გოგომ იმშობიარა. საქმეზე ერთი პირი დააკავეს. არასრულწლოვანზე სექსუალურად 12 წლის ასაკში იძალადეს. ბავშვი მან რამდენიმე თვის წინ გააჩინა და ახლა თავშესაფარში იმყოფება. სავარაუდო მოძალადე რამდენიმე თვის შემდეგ დააკავეს. თავდაპირველად მას ბრალად 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა ედებოდა. დღეს, პროკურატურამ ბრალდებულ ზ.მ.-ს ბრალი დაუმძიმა

აღსანიშნავია, რომ მოზარდის დედა მოძალადის დაკავების გამო უკმაყოფილებას გამოხატავდა. ის ამბის გახმაურების გამო მედიას აკრიტიკებდა. გარდა ამისა, მოზარდის დედა სოციალურ მუშაკსაც ემუქრებოდა, რომელმაც 13 წლის ბავშვის ორსულობის შესახებ პოლიციას შეატყობინა. 

"დაკავებული არ უნდა იყოს. რაც თქვენ ტელევიზიით განაცხადეთ, ყველაფერი არის ჭორი. ზუსტი პასუხი არავინ იცის. ჩემი შვილი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. ჩემი საქმე იცი როგორ არის, ვისაც ჩავაცვი იმან გამხადა. უჩემოდ რატომ გააკეთეს, რატომ გააჟღერეს ეს ამბავი. საერთოდ არ მინდოდა რომ გახმაურებულიყო. რატომ არ დამირეკეს და არ მკითხეს, როცა ამ რეპორტაჟებს აკეთებდნენ", - განუცხადა მოზარდის დედამ შაბათის ფორმულას.

მომხდარის შესახებ 5 მარტს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა. მათ თქვა, რომ არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობაზე, მათ შორის სექსუალური ხასიათის ძალადობის შემთხვევებზე პასუხისმგებელი საზოგადოებაც არის და არამხოლოდ პოლიცია.  


close დახურვა