logo
ENG



გომელაური 13 წლის ბავშვის ორსულობაზე: ეს საზოგადოების პრობლემაა, არ არის მარტო შსს-ს პრობლემა

05 მარ 202116:11
3 წუთის საკითხავი
clock 571
გომელაური 13 წლის ბავშვის ორსულობაზე: ეს საზოგადოების პრობლემაა, არ არის მარტო შსს-ს პრობლემა

შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობაზე, მათ შორის სექსუალური ხასიათის ძალადობის შემთხვევებზე პასუხისმგებელი საზოგადოებაც არის და არამხოლოდ პოლიცია. პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას გომელაურმა გაიხსენა ბოლო ორი გახმაურებული შემთხვევა. 

"13 წლის ბავშვზე ეს უმძიმესი თემაა, როგორც 14 წლის ბავშვის, ქობულეთის თემა. 

ეს არ არის მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს თემა. რატომღაც ყველა იძახის, სად იყო შსს? სად იყო პოლიცია? რა თქმა უნდა, მე არ ვირიდებ თემას, არამხოლოდ, განათლება იქნება, თუ სხვა სამინისტრო, ყველასი, თქვენი ბრალიცაა, ჩემი ბრალიცაა. 

რომ არა საავადმყოფოდან შემოსული ინფორმაცია, ვერც გავიგებდით საერთოდ, რომ ამ ბავშვმა... რაც მოხდა, ფაქტია, აღარ მინდა დეტალებში შევიდე. ისე გავიდა ეს თვეები, არავის არაფერი უთქვამს. ან მეზობელი არ ხედავს, ან... ეს საზოგადოების პრობლემაა, არ არის მარტო შსს-ს პრობლემა. 

იგივე იყო 14 წლის ბავშვზე ქობულეთში. მოიყვანეს ბიძებმა, დაიკითხა, არანაირი ძალადობა არ დაუფიქსირებია, სოციალურ მუშაკთან ერთად დაიკითხა, როგორც წესია, არანაირი პრობლემა არ ყოფილა, გავიდა და მოხდა ეს. ბაბუა დავაკავეთ, გამოძიება მიდის კიდევ, თუ ვინმე გამოიკვეთება დავაკავებთ", - განაცხადა მინისტრმა.

გუშინ, 4 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის რაიონის ერთერთ სოფელში 13 წლის გოგომ იმშობიარა. საქმეზე ერთი პირია დაკავებული.

მანამდე, ქობულეთში 14 წლის გოგოს თვითმკვლელობის შესახებ 10 თებერვალს გახდა ცნობილი. სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე, 23 წლის კაცი გოგონას თვითმკვლელობის შემდეგ, 11 თებერვალს დააკავეს. საქმეზე დაკავებულს პირს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი: სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 140-ე მუხლებით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებას გულისხმობს.


close დახურვა