logo
ENG



მთავრობამ ქუთაისში, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებთან შესახვედრად წარმომადგენლები გააგზავნა

15 აპრ 202119:01
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/15/p4dgw56j9jgiepx.jpg
ფოტო: ვახო ქარელი

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ორი გუბერნატორი, რომლებიც მზად არიან აქციის მონაწილეებთან დიალოგის გასაგრძელებლად.

"მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე, ასევე უმრავლესობის დეპუტატები, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმყოფებიან და მზად არიან, მოუსმინონ აქციის მონაწილეებს და განაგრძონ მათთან დიალოგი", - ვკითხულობთ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღეს, 15 აპრილს, ნამახვანჰესის მოწინააღმდე აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ ისინი მზად არიან ხელისუფლებასთან დიალოგისთვის, მაგრამ არა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურანავასთან. 

გოლეთიანი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეები მზად არიან პრემიერს ან მის მიერ დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდნენ. 

"შესაძლებელია, მობრძანდეს ბატონი პრემიერი, ან დაინიშნოს სპეციალური წარმომადგენელი, რომელსაც მიენიჭება ლეგიტიმაცია, რომ იყოს გადაწყვეტილების მიმღები. გაეცნოს საკითხს, პროტესტის საგანს", - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

რიონის ხეობის მცხოვრებლები და აქტივისტები ჰიდროელექტროსადგურის აშენებას სამ თვეზე მეტია, აპროტესტებენ. 

ისინი ითხოვენ: შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

"რიონის მცველების" თქმით, ჰესი საფრთხეს უქმნის რიონის ხეობას და მთლიანად დასავლეთ საქართველოს. 

ამასთან, რამდენიმე კვირაა, აქტივისტებს ნამოხვანში შესვლა აკრძალული აქვთ. 14 აპრილს პოლიციამ სოფლის შესასვლელთან რკინის ჯებირებიც აღმართა. 

იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის, სულხან თამაზაშვილს თქმით, ამას 2 მიზეზი აქვს: სამძებრო სამუშაოები - რამდენიმე დღის წინ რიონში დაკარგულ კაცს ამ დრომდე ეძებენ. და ის, რომ "რიონის მცველები" უპირისპირდებიან ინვესტორის მიერ დასაქმებულ ადგილობრივებს, რომლებმაც "ლუკმაპურის სარჩო ნახეს არა სხვა ქვეყანაში, არამედ საქართველოში". 


close დახურვა