ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პარტიის ლიდერების მიერ ხელმოწერილ დანიელსონის დოკუმენტს აქვეყნებს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ხელს ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე აწერენ.
ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებით, დოკუმენტი არ მოიცავს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხს, ასევე, ბუნდოვანია პოლიტიკური პატიმრების ბედიც, რის გამოც ისინი კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ.
დოკუმენტს ხელს არ აწერენ: მეტი თავისუფლება - გირჩი, ევროპული საქართველო, სტრატეგია აღმაშენებელი, ლელო საქართველოსთვის და ნაციონალური მოძრაობა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა მედიაციის მიზნით გამართული მეორე ვიზიტი 31 მარტს კვლავ უშედეგოდ დაასრულა.
მის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს არც ერთმა დეპუტატმა ხელი არ მოაწერა.
დოკუმენტში წარმოდგენილი იყო შემდეგი პუნქტები:
- პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება
- ამბიციური საარჩევნო რეფორმა
- კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა
- პარლამენტში ძალაუფლების განაწილება
- მომავალი არჩევნები
ევროპარლამენტარებმა დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების გამო იმედგაცრუება გამოთქვეს და პასუხისმგებლობა მონაწილე მხარეებს, განსაკუთრებით კი მმართველ პარტიას დააკისრეს.
იმის გამო, რომ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს.