logo
ENG



შაბათის ფორმულა: კალაძე ოჯახთან და ძმაკაცებთან ერთად დუბაიში ისვენებდა

17 აპრ 202120:01
3 წუთის საკითხავი
clock 4825

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, თბილისის მერი კახა კალაძე დუბაიში, ფეშენებელურ სასტუმროში, 1 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა. ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დედაქალაქის მერი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ისვენებდა. 

სასტუმროს ჯავშნის მიხედვით, რომელიც შაბათის ფორმულამ მოიპოვა, დუბაიში ერთკვირიან ტურში კახა კალაძე მეუღლესთან და შვილებთან ერთად წავიდა. მასთან ერთად იყვნენ - წინა მოწვევის პარლამენტის და კალაძის გუნდის წევრი ივლიანე წულაია ოჯახთან ერთად და დეპუტატი ლევან კობიაშვილი ოჯახთან ერთად.

კალაძე-კობიაშვილი-წულაიას დუბაიში დასვენება მკაცრად გასაიდუმლოებულია. შაბათის ფორმულას მიერ მოპოვებულ დოკუმენტში ჩანს, რომ თითოეული მათგანის ერთკვირიანი ვოიაჟის ღირებულება ოჯახთან ერთად, სასტუმრო One & Only-ის ლუქსის ტიპის ნომერში, 39 067 დირჰამია, რაც ქართულ ვალუტაში 36 427 ლარია.

დედაქალაქის მერიაში შაბათის ფორმულას უთხრეს, რომ კახა კალაძე შვებულებაში არ იმყოფება და ის მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს. წასვლის შესახებ კალაძემ თავად, ერთი კვირის წინ ვიდეომიმართვაში განაცხადა, თუმცა სად იმყოფებოდა არ უთქვამს. 

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქართულ ოცნებაში განვითარებული პროცესები ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. ჯანმრთელობის მდგომარეობის მოტივით აღებული ტაიმაუტი კალაძემ პოლიტიკური მომავლის დასაგეგმად გამოიყენა. ეჭვები შიდა დაპირისპირებაზე გახარიას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდა. ამას ისიც დაერთო, რომ ქართულ ოცნებაში გამართული კონსულტაციების შემდეგ მერის კანდიდატად კალაძე აღარ დაუსახელებიათ. 

აამოქმედებს თუ არა ქართული ოცნება ბერკეტებს საკუთარი გუნდის წევრის წინააღმდეგ, ჯერჯერობით უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში კალაძესთან აქტიურ თანამშრომლობაზე საუბრობენ და ამტკიცებენ, რომ მისი პოლიტიკური წონა უცვლელია, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ქართული ოცნების კანდიდატის ვინაობა ისევ ღია საკითხად რჩება, სავარაუდო ვერსიებს შორის კი კალაძის გვარი არ დასახელებულა.


close დახურვა