logo
ENG



კობახიძის თქმით, ოპოზიცის უარი დოკუმენტზე ხელის მოწერაზე ალოგიკურია, მაგრამ მოსალოდნელი

17 აპრ 202121:23
3 წუთის საკითხავი
clock 708
კობახიძის თქმით, ოპოზიცის უარი დოკუმენტზე ხელის მოწერაზე ალოგიკურია, მაგრამ მოსალოდნელი

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ისინი კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ და ამბობს, რომ ოპონენტების ეს გადაწყვეტილება ალოგიკურია. 

ამასთან, როგორც კობახიძემ იმედის ეთერში განაცხადა, ოპოზიციის უარის თქმა მოსალოდნელი იყო. 

"ალოგიკური არის უარი, მაგრამ, ალბათ, მოსალოდნელი მაინც იყო, გამომდინარე იქიდან, რომ, სამწუხაროდ, ოპიზიცია ძალიან ხშირად დგამს ხოლმე ალოგიკურ ნაბიჯებს. თავისთავად, ეს რიტორიკაც, ბუნებრივია, არის წინააღმდეგობრივი, როდესაც ერთი მხრივ საუბრობენ იმაზე, თითქოს ეს ხელმოწერა არის დასავლეთიდან, კონკრეტულად ვაშინგტონიდან ზეწოლის შედეგი და მეორე მხრივ ამბობენ იმას, რომ მაინც არ აწერენ ხელს შეთანხმებას, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების მხრიდან ეს ნაბიჯი გადაიდგა, თავისთავად ეს მტკიცებაც და ლოგიკაც წინააღმდეგობრივია", - აღნიშნა კობახიძემ. 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს ქართული ოცნება მოაწერს.

ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებით, დოკუმენტი არ მოიცავს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხს, ასევე, ბუნდოვანია პოლიტიკური პატიმრების ბედიც, რის გამოც ისინი კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ. 

დოკუმენტს ხელს არ აწერენ: მეტი თავისუფლება - გირჩი, ევროპული საქართველოსტრატეგია აღმაშენებელინაციონალური მოძრაობა, ლელო საქართველოსთვის

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა მედიაციის მიზნით გამართული მეორე ვიზიტი 31 მარტს კვლავ უშედეგოდ დაასრულა.

მის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ შეთანხმების დოკუმენტს არც ერთმა დეპუტატმა ხელი არ მოაწერა.

დოკუმენტში წარმოდგენილი იყო შემდეგი პუნქტები:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება
  • ამბიციური საარჩევნო რეფორმა
  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილება
  • მომავალი არჩევნები

ევროპარლამენტარებმა დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკების წარუმატებლად დასრულების გამო იმედგაცრუება გამოთქვეს და პასუხისმგებლობა მონაწილე მხარეებს, განსაკუთრებით კი მმართველ პარტიას დააკისრეს.

იმის გამო, რომ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს.

 

 


close დახურვა