logo
ENG



გიორგი თარგამაძის OP-ED: მელიას ახალი მისია

18 აპრ 202120:07
3 წუთის საკითხავი
clock 837

რა მსგავსებაა კობახიძესა და ცხარე აჯიკას შორის? პასუხი მარტივია: როგორც აჯიკის ჭარბი დოზა გემოს უკარგავს საგანგებოდ მომზადებულ გემრიელ კერძს, ისე კობახიძის კომენტარები შეუძლებელს ხდის ნებისმიერი ტიპის შეთანხმებას, ოპოზიციის სურვილისა თუ ვაშინგტონისა და ბრიუსელის მონდომების მიუხედავად. "რუსული თამაში" - თორმეტჯერ აბრუნა ეს ფრაზა ოპოზიციის მისამართით ვაშინგტონიდან მოსაუბრე კობახიძემ და "რუსული თამაშის მოთამაშე" პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს "კონსტრუქციულობისკენ" და დანიელსონის დოკუმენტზე ხელმოწერისკენ მოუწოდა.

დანიელსონის დოკუმენტის ცალმხრივად ხელმოწერით ოცნებამ თითქოს წაუგებელი სვლა გააკეთა: დასავლეთს თავი მოაწონა, კრიზისის გახანგრძლივება ოპოზიციის სიხისტეს დააბრალა და ბურთიც მის მოედანზე გადააგდო. საბოლოოდ რამ გამოიწვია ოცნების პოზიციის შერბილება: ვაშინგტონიდან მიიღეს გზავნილი, დასავლურ სანქციებს თავი აარიდეს, 15 მაისის აქციას დაასწრეს თუ ოპოზიციის გახლეჩვას შეეცადნენ, ძნელი სათქმელია. შესაძლოა ყველაფერმა ერთად, თუმცა ფაქტია, რომ ამ ნაბიჯით ივანიშვილმა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს სერიოზული საფიქრალი გაუჩინა: ხელს მოაწერ? - ოცნება დარჩება გამარჯვებული, ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი კი გაბრაზებული. იმიტომაც, რომ დანიელსონის დოკუმენტი არც რიგგარეშე არჩევნებზე ამბობს რამეს და არც პოლიტპატიმრების საკითხშია ცხადი. არ მოაწერ და ბრიუსელი განაწყენდება, რაც ოპოზიციის კრიტიკისა და მასზე ზეწოლის კიდევ უფრო გაზრდას ნიშნავს დასავლეთიდან. იმ დასავლეთიდან, რომელიც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერასთან ერთად სწორედაც რომ "დასავლური ოპოზიციის" ლეგიტიმაციას განაპირობებს. იყო მესამე ვარიანტიც, როდესაც ოპოზიციის ნაწილს შესაძლოა ცდუნებისთვის ანდა ზეწოლისთვის ვერ გაეძლო და დოკუმენტზე ხელი მოეწერა, რაც დიდი ალბათობით იყო კიდეც ოცნების გათვლა. თუმცა, ორ ცეცხლს შუა მყოფი ოპოზიცია ხაფანგში არ გაება, ერთიანობა შეინარჩუნა, დასავლეთს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა და ოცნებასთან ორ მთავარ საკითხზე: პოლიტპატიმრებსა და რიგგარეშე არჩევნებზე მოლაპარაკების მზაობა გამოთქვა, რითაც პოლიტიკურ მოედანზე ახალი რეალობა დააყენა: ახალი რეალობა კი ისაა, რომ მიუხედავად მოკლევადიან პერსპექტივაში სწორი ნაბიჯისა, ოცნებამ საკუთარი პოზიცია დაასუსტა. სისუსტე კი იმაში გამოიხატა, რომ ივანიშვილმა პირველად დაუშვა რიგგარეშე არჩევნების ალბათობა, რაც აქამდე არ მომხდარა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ ოპოზიცია დასავლურ წნეხს ამჯერადაც გაუძლებს, პრინციპულობას შეინარჩუნებს და ყურადღებას ბოლომდე 15 მაისის აქციისკენ მიმართავს, მას შესაძლებლობა უჩნდება ოცნებას რიგგარეშე არჩევნების კონტექსტში მეტი დაათმობინოს და პლებისციტზე თუ არა, ადგილობრივ არჩევნებში 40%-ზე უფრო მაღალ ჩამკეტზე დაითანხმოს. რურუას საკითხი კი პრეზიდენტის შეწყალებით მოაგვაროს, რასაც დიდი ალბათობით დეგნანისა და ჰარცელის პრეზიდენტთან გუშინდელი ვიზიტი ემსახურებოდა კიდეც. რაც შეეხება მელიას გათავისუფლებას, თუ ხელისუფლება დათმობაზე არ წავა, აქ უკვე ოპოზიციამ უნდა იაქტიუროს და ნებისმიერ ფასად გამოიყვანოს ციხიდან ახალი სახალხო ლიდერი, რადგან მას უკვე სხვა მისია აქვს შესასრულებელი. მელიამ საკუთარი პრინციპულობაც დაამტკიცა და ამოცანაც შეასრულა: ის უკვე იქცა ყველას მიერ ბოლომდე აღიარებულ, სრულიად ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ლიდერად; საკუთარი პატიმრობით დასავლეთი იძულებული გახადა კრიზისის მოგვარებაში ჩართულიყო; გამოიწვია პრემიერმინისტრის გადადგომა და ოცნებიდან წასვლა, რითაც მმართველ ძალას სერიოზული დარტყმა მიაყენა და ბზარიც გაუჩინა.

მელიას შემდეგი მისია რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლა და ოპოზიციის გამარჯვებამდე მიყვანაა. მისი მეტ ხანს საპატიმროში დარჩენა კი მხოლოდ ვნებს ოპოზიციის შანსებსაც და მის პოლიტიკურ კარიერასაც. ის არც ნესლონ მანდელაა და არც მერაბ კოსტავა, რომ წლები საპატიმროში ელოდოს შემდგომი მისიის შესრულებას. მელიამ საკუთარი თავი გამორჩეულ ლიდერად გამბედაობითა და აქტიურობით აქცია. სწორედ ეს გამბედაობა და აქტიურობაა საჭირო დღეს ვითარების შემდეგ ეტაპზე გადასაყვანად. არაერთხელ გვსმენია, რომ ქართულ პოლიტიკას ახალი სისხლი სჭირდება, თუმცა პრაქტიკამ კარგად გვაჩვენა, რომ ეს ხელოვნურად არ გამოდის და ახალი სისხლიც და ახალი ლიდერებიც პოლიტიკურმა პროცესმა უნდა შვას, რასაც წლები სჭირდება. ამ წლების განმავლობაში კი შეკვეთილის მამულში მედიტაციაში ჩაფლული ივანიშვილი მშვიდად გააგრძელებს ხელისუფლებაში ყოფნას. და დღეს თუ ვინმეა ქართული პოლიტიკის ახალი სისხლი და ახალი ლიდერი ეს ნიკა მელიაა, და თუ ოპოზიციის ლიდერებს შორის ვინმეს აქვს მოსახლეობაში უკვე ღრმად გამჯდარი ნიჰილიზმის დამარცხების შანსი, ესეც სწორედ ნიკა მელიაა. ამიტომაც, საკანში ჯდომის ნაცვლად, ის 15 მაისის აქციაზე უნდა იდგეს და კრიტიკულად განწყობილ მოსახლეობას, რომელიც ჯამში მილიონზე მეტია, სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად გამარჯვებისკენ გაუძღვეს. ქვეყანას კი უძრაობიდან გამოსვლისა და განვითარების პერსპექტივა გაუჩინოს. მოკლედ, მგონი დადგა მომენტი, როდესაც ოპოზიციასაც, ხალხსაც და ქვეყანასაც მელია გარეთ უფრო მეტად სჭირდება ვიდრე რუსთავის საპატიმროს 224-ე საკანში.


close დახურვა