ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხვალ, 20 აპრილს საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ მან პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ცერემონიალზე, ბრიუსელიდან გამართული ტელეხიდის დროს თქვა.
მანამდე, პრეზიდენტის რეზიდენციში ოპოზიციის ნაწილმა და ქართული ოცნების წარმომადგენბლებმა ხელი მოაწერეს განახლებულ დოკუმენტს. მის განაცხადს ოპოზიციისა და ქართული ოცნების წარმომადგენლები ტაშით შეხვდნენ.
"ხვალ ჩამოვალ თბილისში, რათა შეგხვდეთ ყველას და გავმართოთ დისკუსია იმაზე, როგორ გავაძლიეროთ კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. მე მოუთმენლად ველი ხვალ თქვენთან შეხვედრას. მადლობა", - თქვა შარლ მიშელმა.
ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი პრეზიდენტის რეზიდენციაში მოაწერეს.
მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს შემდეგმა ოპოზიციურმა პარტიებმა:
- ლელომ [ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე];
- სტრატეგია აღმაშენებელმა [გიორგი ვაშაძე];
- რესპუბლიკურმა პარტიამ [ხათუნა სამნიძე];
- გირჩმა [ვახტანგ მეგრელიშვილი];
- მოქალაქეებმა [ალეკო ელისაშვილმა];
ინდივიდუალურად ხელი მოაწერა სალომე სამადაშვილმა, დავით ბაქრაძემ და ზურაბ ჯაფარიძემ.
ხელისუფლების მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას და ევროპულ საქართველოს მათ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.
დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.
მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი.
- ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს.
- რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე.
- და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.
რა წერია მედიატორების შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში, წაიკითხეთ აქ.