logo
ENG

უცნობი სანაიაზე თავმასხმაში მონაწილეების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს

22 აპრ 202112:32
3 წუთის საკითხავი
clock 633
უცნობი სანაიაზე თავმასხმაში მონაწილეების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს
ვახო ქარელი/ფორმულა

მომღერალი გია გაჩეჩილაძე მორიგ საპროტესტო აქციას აანონსებს - ამჯერად, ფორმულას ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში მონაწილე პირების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების მოთხოვნით. 

უცნობის თქმით, ვახო სანაიამ, რომელსაც თავდამსხმელები მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მაშინ გაუსწორდნენ ფიზიკურად, როდესაც მას მანქანა ავარიული სიტუაციიდან ამოჰყავდა, თავად გამოიწვია მოძალადეები და შემდგომ პოლიციაში დარეკა. 

უცნობი პროკურატურისგან საქმეზე ბრალდებული 3 ადამიანისთვის გირაოს შუამდგომლობის დაყენებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მდუმარე აქციას აანონსებს. 

"მე მინდა, მივმართო პროკურატურას, გირაოთი გამოშვების შუამდგომლობა დააყენოს, თორემ აუცილებლად მოგიწევთ. არ ვაპირებ არანაირი მიტინგების ჩატარებას და მეგაფონებით სირბილს, ერთადერთ რაღაცას რასაც ვაპირებ – მოსვლას, დგომას და თუ რამე იქნება ისეთი, მაგისტრალების გადაკეტვიდან დაწყებული, ყველაფერს, ასე, მდუმარედ. სანამ ადამიანების გულებში არ აღიძვრება სამართლიანობის მომენტი. გაფრთხილებთ, დაიკეტება ყველაფერი, პარალიზება მოხდება”,– ამბობს უცნობი.

მომღერალი აცხადებს, რომ დაპატიმრებულ მოძალადეებს სისტემის წინაშე უსამართლოდ არ დატოვებს და მოლოდინი აქვს, რომ მის აქციას უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი "დები და ძმები" შეუერთდებიან. 

"29-ში არის მოსალოდნელი პროტესტი, მდუმარე პროტესტი. უბრალოდ ქმედება იქნება, სიტყვები და ლაი-ლაი არ იქნება მდუმარე პროტესტია მოსალოდნელი და აუცილებლად ჩვენ ჩვენ საქმეს გავაკეთებთ. ჩვენ არ დავტოვებთ არავის უსამართლოდ სისტემის წინააღმდეგ, ეს იქნება დების და ძმების პროტესტი, ვისაც გული შესტკივა ამ საშინელ უსამართლობაზე", - თქვა გაჩეჩილაძემ.

ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ.  როგორც ტელეწამყვანი ყვება, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სანაიამ თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავდა მისი რძალიც.

ვახო სანაია დაზარალებულად 26 თებერვალს ცნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით სამი პირია დაკავებული. მათი თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ვახო სანაიასა და მისი ნათესავის მიმართ. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

close დახურვა