logo
ENG



ოკუპირებული აფხაზეთიდან უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის ნეშტი გადმოასვენეს

22 აპრ 202115:29
3 წუთის საკითხავი
clock 730
2021/04/22/ihnpue20eof33jz.jpg

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთიდან აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი (6 სამხედრო, 7 მშვიდობიანი მოქალაქე) გადმოასვენეს.

უწყების ცნობით, ოჯახებისთვის გადაცემისა და დაკრძალვასთან დაკავშირებული ოფიციალური ცერემონიალი 23-24 აპრილს არის დაგეგმილი.

მათივე ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში 23 აპრილს, 17:00 საათიდან და 24 აპრილს 11:00-დან 14:00 საათამდე. ოჯახების სურვილის გათვალისწინებით, ნეშტების დაკრძალვა იგეგმება სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, საგვარეულო სასაფლაოებზე, ხოლო იდენტიფიცირებულთაგან 4 ნეშტის სამხედრო პატივით დაკრძალვა გაიმართება 24 აპრილს, 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე.

"როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად 2300-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. მათი ბედისა და ადგილსამყოფელის დადგენა კი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილია.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით, შეიქმნა ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმი, რომელშიც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას წარმოადგენს სახელმწიფო მინისტრის აპარატი; ასევე, სახელმწიფო მინისტრის აპარატი თავმჯდომარეობს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და გადმოსვენების უწყებათაშორის კომისიას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აპარატი ახდენს ნეშტების მოძიებასთან/ამოცნობასთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრუქტურების მიერ განსახორციელებელი საქმიანობის კოორდინირებას, მათ შორის, ოჯახების დახმარებას ამოცნობილი ნეშტების დაკრძალვის ორგანიზებასა და მასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაში", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.


close დახურვა