გოგა ხაინდრავა, რომელიც ქართული ოცნების მხარდამჭერია, ფორმულას ჟურნალისტს და წამყვანს, ვახო სანაიას ემუქრება.
ხაინდრავამ თქვა, რომ "სანაიამ ლევან და გია გაჩეჩილაძეებს აგინა, შესაბამისად, შეურაცხყოფის სივრცეში შეაბიჯა და ამის გამო საჯარო პასუხს მიიღებს ყველასგან, ვინც გაჩეჩილაძეების ოჯახს პატივს სცემს".
"ამ ნაბიჯით მან დატოვა ის სივრცე, სადაც ცივილიზებული ურთიერთობები არსებობს, გამოხატვის უფლების, თავისუფალი სივრცის და შეაბიჯა შეურაცხყოფის სივრცეში. შეურაცხყოფის სივრცეს თავისი წესები აქვს, ამიტომ მან უნდა იცოდეს, ვინც ეს პირად შეურაცხყოფად მიიღო.
ამიტომ, ამის შემდეგ ლაპარაკი, რომ ჟურნალისტებზე ზეწოლა ხდება და გამოხატვის თავისუფლება არის დარღვეული, დამთავრებულია. მან თავისი ნებით შეაბიჯა შეურაცხყოფის სივრცეში, ამიტომ მოლოდინი ჰქონდეს ზუსტად ისეთი, როგორიც ამ შეურაცხყოფის სივრცეში არსებობს. უნდა მოერიდოს ძალიან ბევრ ადამიანს, რომელიც ამ ოჯახს პატივს სცემს, ვინც ამ ოჯახის მეგობრად თვლის თავს და დიდ პატივს სცემს გია და ლევან გაჩეჩილაძის მშობლებს. საჯაროდ მიიღებს პასუხს აუცილებლად. ის და მთელი მისი შანტრაპა, რომელიც იმ საროსკიპოშია [ტვ ფორმულაში] შეკრებილი". - თქვა გოგა ხაინდრავამ.
ვახო სანაიასა და მის ოჯახს თავს 25 თებერვალს, გამთენიისას დაესხნენ. როგორც ტელეწამყვანი ყვება, თავდასხმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. სანაიამ თავდასხმის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო, დაშავდა მისი რძალიც. დაზარალებულად 26 თებერვალს ცნეს.
შსს-მ ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს.
22 აპრილს გია გაჩეჩილაძემ, იგივე უცნობმა, თქვა, რომ ვახო სანაიამ, რომელსაც თავდამსხმელები მცირეწლოვანი შვილის თვალწინ მაშინ გაუსწორდნენ ფიზიკურად, როდესაც მას მანქანა ავარიული სიტუაციიდან ამოჰყავდა, თავად გამოიწვია მოძალადეები და შემდგომ პოლიციაში დარეკა.
გაჩეჩილაძემ დაკავებულების გირაოთი გათავისუფლება მოითხოვა და საპროტესტო აქციებიც დააანონსა. როგორც მან თქვა, "დაპატიმრებულ მოძალადეებს სისტემის წინაშე უსამართლოდ არ დატოვებს და მოლოდინი აქვს, რომ მის აქციას უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლი დები და ძმები შეუერთდებიან".