logo
ENG



არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა

24 აპრ 202114:55
3 წუთის საკითხავი
 

არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. 

მას ამ თანამდებობაზე კახა კუჭავა შეცვლის

"იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკებები დასრულდა შეთანხმებით, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან ერთად, მე პარტია ქართულ ოცნებას წარმოვადგენდი, ვთვლი, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის, მართებული იქნება დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინოთ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაკეთოთ როტაცია.

ახლა, როცა პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, რომ ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის პოზიციაზე.

ჩემთვის დიდი პატივი იყო მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტებში თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობა. მადლობას ვუხდი გუნდს და ჩვენს თანამოქალაქეებს მხარდაჭერისთვის. ერთად განვაგრძობთ მუშაობას და ბრძოლას მომავალი გამარჯვებებისთვის!". - თქვა მან ქართული ოცნების ოფისში. 

არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის პოსტი IX მოწვევის პარლამენტში, 2019 წლის 25 ივნისს დაიკავა, მას მერე, რაც გავრილოვის ღამისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივად დაშლის შემდეგ ირაკლი კობახიძე გადადგა. თალაკვაძე აირჩიეს X მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედაც. 


close დახურვა