ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ეკლესიის ეზოში მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ეკლესიის ეზოში ბზობის დღესასწაულზე შეიკრიბნენ როგორც მიტროპოლიტი სტეფანეს მხარდამჭერები, ისე მასთან დაპირისპირებული სასულიერო პირები და მრევლი როგორც ჭყონდიდის, ისე სხვა ეპარქიებიდან.
პირველი დაპირისპირება ადგილობრივი ბიზნესმენის, კლიმენტი კეკუტიას გამოჩენას მოჰყვა, რომელიც ყოფილ ჭყონდიდელ მიტროპოლიტს, პეტრე ცაავას ღიად უპირისპირდება და როგორც სხვა სასულიერო პირები ამბობენ, 22 აპრილს მას უშვერი სიტყვებითაც აგინებდა. პეტრე ცაავას მხარდამჭერი მღვდლები, რომელთა ნაწილსაც მიტროპოლიტმა სტეფანემ მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა, ამბობენ, რომ კლიმენტი კეკუტიას არ აქვს უფლება, ეკლესიაში მივიდეს.
შემდეგ კი დაძაბულობა სალხინოს ეკლესიის ეზოში თავად მიტროპოლიტ სტეფანეს გამოჩენას მოჰყვა.
პეტრე ცაავას მხარდამჭერი სასულიერო პირები მასაც არ აძლევდნენ ტაძარში შესვლის უფლებას, თუმცა, პოლიციის დახმარებით, მიტროპოლიტმა ეკლესიაში შესვლა შეძლო.
სცემეს მამა ანანია კალანდიას.
***
ჭყონდიდის ეპარქიაში რამდენიმე თვეა, ვითარება დაძაბულია. სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ჭყონდიდის მიტროპოლიტად სტეფანე კალაიჯიშვილი დანიშნეს.
მან გრიგოლ კაცია შეცვალა, რომელმაც, თავის მხრივ, ჭყონდიდის ეპარქიაში პეტრე ცაავა ჩაანაცვლა.
პეტრე ცაავა საპარტრიარქოს გიორგი მამალაძის საქმის გამო დაუპირისპირდა. მოგვიანებით კი, 2019 წლის 31 ოქტომბერს, მედიას მისი განყენების შესახებ წინასწარ აცნობა და მიზეზად მისი მხრიდან სინოდის სხდომაზე „საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის, მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილება“ დაასახელა.
მოგვიანებით თავად მიტროპოლიტი პეტრეს მიმართ გაჩნდა ბრალდება - თითქოს მას შვილი ყავს, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს. ცაავას მხარდამჭერები ბრალდების დამტკიცებას ითხოვენ.
მიტროპოლიტმა სტეფანემ პეტრე ცაავას მხარდამჭერ რამდენიმე სასულიერო პირს ღვთისმსახურება აუკრძალა, გაათავისუფლა მარტვილის დედათა მონასტრის წინამძღვარი, დედა სოსანა. მას აუკრძალა მონასტრის ტერიტორიაზე შესვლაც.
პეტრე ცაავას მხარდამჭერი სასულიერო პირები აცხადებენ, რომ ყოფილ ჭყონდიდელ მიტროპოლიტს მღვდელმოქმედება უკანონოდ შეუჩერეს და მის საკითხზე შიდასაეკლესიო, კანონიკურ მოკვლევას ითხოვენ.