logo
ENG



გიორგი თარგამაძის OP-ED: რა გახდა ეს სანაია?!

25 აპრ 202120:05
3 წუთის საკითხავი
clock 887

ამ დღეებში ალბათ ბევრმა ჩვენგანმა ვცადეთ პასუხი გაგვეცა კითხვაზე: რატომ გახდა ვახო სანაია, კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების წრეებშიც კი ერთ-ერთი ყველაზე უწყინარი, მხიარული და ღიმილიანი პროფესიონალი, რომელიც ბევრი ეპითეტით შეგიძლია შეამკო, მაგრამ აგრესიულს, უხეშს, ეპატაჟურს ნამდვილად ვერ უწოდებ, სახელისუფლებო ძალადობრივი მანქანის ფსიქოლოგიური ტერორისა და აწ უკვე ღიად ძალადობრივი მუქარის ობიექტი.

ჩემი პასუხი ამ თავსატეხზე ასეთია: ბავშვის სამკურნალოდ უცხოეთიდან დაბრუნებულ ოჯახის წევრებთან ერთად ვახო შემთხვევით, ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრით შემთხვევით გვიან ღამით, მოყინულ გზაზე, ექსტრემალურ, თუმცა სრულიად უწყინარ ვითარებაში შეეჩეხა ადამიანებს, რომელთა სახეებიც და ჟესტებიც ავტომობილის ვიდეოთვალმაც აღწერა, მაგრამ ფერადად და გახმოვანებით დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, 9 აპრილს, რიყეზე, უცნობის, იგივე გია გაჩეჩილაძის მიერ "მარადისობის დღის" დასაფუძნებლად შეკრებილი ადამიანების განწყობა უნდა გავიხსენოთ. წარმოიდგინეთ იმ დღეს, იმ ადგილას უამრავი ტელეკამერა რომ არ ყოფილიყო, იქაური აგრესია მხოლოდ ლანძღვითა და გინებით შემოიფარგლებოდა თუ არა. სიძულვილისა და დაუნდობლობის ის მუხტი, რომლის გენერირებასაც სახელისუფლებო პროპაგანდისტული მანქანა წლებია ახდენს, მხოლოდ სოციალური ქსელების მეშვეობით არ განიმუხტება. ეს არის კიდეც მიზანი: ფსიქოლოგიური და სადაც საჭიროა ფიზიკური ტერორი ქართული ოცნების მართვის მეთოდად ჩამოყალიბდა. ღარიბაშვილის პრემიერად მეორედ მოსვლის შემთხვევაში კი კვლავ პრიორიტეტულ პოლიტიკად იქცა.

ახლა რა შუაშია ვახო: მის მანქანას აღმოაჩნდა ვიდეო ჩამწერი, ექსპერტიზის მიერ დადასტურებული ფიზიკური დაზიანებები და ასევე მოწმეების მთელი ჯგუფი, რომელთა უგულვებელყოფა ძალიან იყვირებდა. ამიტომ დამნაშავეები, რომლებიც მაშველებმაც ვერ გააკავეს, ხოლო პატრულს უხეშად "ებლატავენ" - დაიჭირეს. და აქ კი ახსნა, რომელიც მძიმეა და თან მარტივი: ღარიბაშვილის ოცნება ვერაფრით დაუშვებს, რომ მათი მხარდამჭერები ოპონენტებზე ძალადობის გამო დაისაჯონ. თუ ასეთი პრეცედენტი გაჩნდა, სხვა მოძალადე არაერთხელ დაფიქრდება, სანამ განსხვავებული პოზიციის გამო ვინმეს თავს დაესხმება. ამ ძალადობრივი რესურსის ხელიდან გაშვება კი ოცნებას არ სურს. შესაბამისად ტროლ-ბოტების არმია, უცნობის, ჯაპანას, ხაინდრავას სარდლობით ამოქოქილია, რომ რამენაირად საზოგადოებრივი აზრი "უწყინარი" და ვახოს "პროვოკაციაზე" წამოგებული საცოდავი 33 წლის "ბავშვების" სასარგებლოდ განაწყოს და ამით სასამართლოს მათი გამოსაშვები ფონი შეუქმნას. ის, რასაც ხელისუფლება, დიახ, სწორედ ხელისუფლება, მასთან პირდაპირ დაკავშირებული პირების მეშვეობით სჩადის არის დემოკრატიულ სისტემაში შეფუთული ძალმომრეობის რეჟიმის გამოხატულება. ოცნების მთავრობა, პუტინის მსგავსად, ქუჩაში, ჟურნალისტებზე ღია ნადირობას ვერ დაიწყებს. რაც არ უნდა იყოს, მათ ხელმძღვანელობას კაბინეტებში ევროკავშირის დროშა უკიდიათ. ამიტომ მთავრობა ქუჩისთვის მწვანეს ანთებით და ვახო სანაიაზე ნადირობის ირიბი ნებართვის გაცემით, იმავე საქმეს აკეთებს, რასაც ღიად ვერაფრით იზამდა: დაამციროს, ფიზიკურად გაუსწორდეს და შედეგად მუდმივი საფრთხის განცდის ქვეშ ამყოფოს ყველა ჟურნალისტი, აქტივისტი თუ ზოგადად თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც ოცნების, იგივე უცნობის ნავში არ ზის. ამიტომ აქვს ვახო სანაიაზე თავდასხმის გამოძიებას, თავდამსხმელების მიმართ ობიექტური მართლმსაჯულების აღსრულებას და ყველა ნორმალური ადამიანის, მათ შორის, ოცნების მხარდამჭერების იმ ნაწილის სოლიდარობას, რომელსაც საქართველო ევროპულ და არა ავტორიტარულ ქვეყნად წარმოუდგენია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რადგან, რადგან ახლა მივიღეთ რეალობა, როცა დღეს გვაქვს ხელისუფლების ვაკუუმი, რომელსაც კანონს მიღმა მყოფი, გაურკვეველი ქუჩური გაგების სუბიექტები ავსებენ. ან უარესი: უმოქმედობის შემთხვევაში ვიღებთ ვითარებას, როდესაც სწორედ ეს ფიგურები, ასეთი საშიში მენტალიტეტით თავად წარმოადგენენ ხელისუფლებას.

 


close დახურვა