ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ამნისტიის კანონი უნდა შეეხოს როგორც იმ პირებს, ვის მიმართაც კონკრეტული მუხლებით გამოძიება უკვე დაწყებულია, ასევე იმათ, ვის მიმართაც საქმის წარმოება შეიძლება მომავალში დაიწყოს.
"უნდა დაკონკრეტდეს ერთი რამ - არის გარკვეული მუხლები, რასაც არ შეიძლება შეეხოს ამნისტია, ეს არის კონვენციის მე-2 - მე-3 მუხლებით დაცული უფლებები: სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება, წამება და არაადამიანური მოპყრობა
უნდა მივიღოთ გამართული კანონი. თანასწორობის პრინციპი უნდა იყოს დაცული. უმარტივესი პრინციპია. თუ გამოიცემა ამნისტიის კანონი, ის უნდა შეეხოს იმ პირებს, რომლებზეც უკვე აღიძრა საქმე და იმ პირებსაც, რომლებზეც შეიძლება აღსაძრავი იყოს საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა თანასწორობის პრინციპი. ეს არის იურისპრუდენცია და არა პოლიტიკა". - თქვა კობახიძემ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი, რომლებმაც 19 აპრილს შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, პარლამენტში მივიდა.
მათ ბოიკოტის რეჟიმი სწორედ ამ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ შეწყვიტეს.
შეთანხმების მიხედვით, ხელმოწერიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება.
უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია იმ პოლიციელებს, რომლებიც გავრილოვის ღამეს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ, ასევე, ბრძანების გამცემ პირებს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ ამნისტია არ შეეხება იმ პირებს, რომლებმაც 20-21 ივნისის ღამეს მაკო გომურის, კობა ლეთოდიანის და სხვა ადამიანების ჯანმრთელობა დააზიანა.
გავრილოვის ღამეს დაზარალებულები ამნისტიის კანონს ეწინააღმდეგებიან, ისევე, როგორც ნიკა მელია, რომელსაც ბრალად პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობას ედება და გირაოს გადაუხდელობის მიზეზით დაპატიმრებულია.