მას შემდეგ, რაც სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე წაიკითხეს, სასულიერო პირებს შორის მედიასთან კომენტარი მხოლოდ ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა გააკეთა.
მან ეპისტოლეს ის ნაწილი შეაფასა, რომლის მიხედვითაც, პატრიარქი მიიჩნევს, რომ მედია სიძულვილის ენით მეტყველებს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ.
მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა თქვა:
"თქვენ უნდა აღწეროთ მოვლენები, ჟურნალისტებმა, ტელევიზიებმა, რაც ხდება, ის უნდა გააგებინოთ მოსახლეობას. თქვენი აზრი კი არ არის საინტერესო, რაც ხდება, ის არის საინტერესო, თქვენ ნეიტრალურები უნდა იყოთ და სამწუხაროდ, ასე არ ხდება. სამწუხაროდ, ხდება, რომ ქმნით რაღაც მიმართულებას, თითქოს პასუხია ცნობილი და ამ პასუხამდე უნდა მიიყვანოთ რაღაც და არ ხდება ასე. ამიტომ, სიძულვილის ენას და სიძულვილს ჩენ ვემიჯნებით". - თქვა მან.
მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს მედია სხვა დროსაც არაერთხელ გაუკრიტიკებიათ.
სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა მთავარი არხს, ტვ პირველს და ფორმულას "სატანის მიკროფონი" უწოდა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტები დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი ჭყონდიდის ეპარქიის მოვლენების გაშუქების დროს მეორე სართულიდან გადმოცვივდნენ. დეკანოზის თქმით, ჟურნალისტები "რელიგიურ ღონისძიებაზე ჩაშლის მიზნით შეჭრას ცდილობდნენ".
ჟურნალისტების მუშაობაში ხელშეშლა, მათზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმები, აგრესია, მედიის მისამართით კრიტიკა და მოწოდებები, რას უნდა აშუქებდეს მედია და რას არა, ბოლო პერიოდში ყოველდღიურობად იქცა.