logo
ENG



ადვოკატი: მელიას თანხმობა გირაოზე საჭირო არ არის, მისი გათავისუფლება ხელისუფლების ხელშია

04 მაი 202114:23
3 წუთის საკითხავი
clock 1268

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის თქმით, მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებას ბრალდებულის გირაოზე დათანხმება არ სჭირდება. ამის შესახებ კონდახიშვილმა ჟურნალისტებს მელიას ციხეში მონახულების შემდეგ განუცხადა.

ადვოკატი აცხადებს, რომ ენმ-ის თავმჯდომარის გათავისუფლების გასაღები ხელისუფლების ხელშია. 

მისივე თქმით, მელიას გამოშვება ნებისმიერ დროს შესაძლებელია.

"აბსოლუტურად არ არის საჭირო ნიკა მელიას თანხმობა არავითარ გირაოზე, ნებისმიერ დროს შეუძლია ხელისუფლებამ მიმართოს სასამართლოს და ნიკა მელია თავისუფლდება სხდომის დარბაზიდან. არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ, მელიას თანხმობა არაფერ შუაში არაა. ნიკა მელიას გათავისუფლების გასაღები ხელისუფლების ხელშია. ხელისუფლებისთვის პრობლემაა მელიას ციხეში ყოფნა, მაგრამ როგორც ჩანს, მათთვის უფრო დიდი პრობლემაა ნიკა მელიას თავისუფლება", - ამბობს კონდახიშვილი.

რამდენიმე დღის წინ, 1-ლ მაისს, ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ნიკა მელია ციხეში მოინახულა. შეხვედრის დატოვების შემდეგ ხაზარაძემ თქვა, რომ მელია იზიარებს პოზიციას, რომ ევროკავშირის მხრიდან გირაოს შემოთავაზება უპრეცედენტოა და ამასთან, ის ეთანხმება საპარლამენტო კომისიის შექმნის იდეასაც, რომლითაც "დადგინდება, ვინ იჯალათა და ვინ გასცა 20 ივნისის აქციის დაშლის ბრძანება". 

იმავე დღეს სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ "როგორც ჩანს, ნიკა მელია ევროკავშირის მიერ დაფარული გირაოს გამოყენებით დატოვებს საპატიმროს". 

ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის საკითხი დღის წესრიგში შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტის შემდეგ დადგა, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა მოაწერა. 

დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიამ ციხე ამნისტიის კანონით უნდა დატოვოს, ასევე მოიაზრება გირაოს გადახდაც. 

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. ის მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც გირაოს გაზრდილი თანხის გადახდაზე უარი თქვა. 

პარლამენტში კანონპროექტის 2 ვარიანტი დარეგისტრირდა: ხელისუფლების და ოპოზიციის

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, მათ მიერ წარდგენილი კანონპროექტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს სრულად შეესაბამება. 

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის შალვა შავგულიძის თქმით, ხელისუფლების სურვილია ამნისტია 19-21 ივნისის ფაქტთან დაკავშირებულ ყველა ჰიპოთეტურ დანაშაულზე გავრცელდეს და ამნისტიის კანონპროექტში კონკრეტულად ბრალდებები და მუხლები არ იყოს მოხსენიებული.  

ირაკლი კობახიძის თქმით კი, ამნისტია უნდა შეეხოს მათ, ვის მიმართაც 20 ივნისის აქციის საქმეზე გამოძიება დაწყებულია ან მომავალში დაიწყება. 


close დახურვა