logo
ENG



"დაგეგმილი პროვოკაცია" - როგორ აფასებენ მელაშვილზე თავდასხმას საპატრიარქო, ვოლსკი და აი-ია

05 მაი 202118:00
3 წუთის საკითხავი
clock 1131
2021/05/05/usvi2jku9bdufcu.jpg

დავითგარეჯში კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის ჟურნალისტზე თავდასხმა საპატრიარქომ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მომღერალ უცნობის მიერ დაარსებულმა სამოქალაქო მოძრაობა აი-იამ, თავად მელაშვილისა და მთავარი არხის პროვოკაციად შერაცხეს და ბრალდებულ კარტოგრაფს თავდასხმელთა გამოწვევაში დასდეს ბრალი. 

თავდასხმის შემდეგ მელაშვილისა და მედიის წინააღმდეგ საჯარო ბრალდებები პირველმა უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ წამოაყენა. მან მელაშვილის "საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე" გამოჩენა პროვოკაციულად შეაფასა და განაცხადა, რომ ის მიზნად ეკლესიის დისკრედიტაციასა და დაპირისპირების ახალი კერების გაჩენას ისახავდა. 

"დაგეგმილი პროვოკაცია ვიხილეთ", - განაცხადა ვოლსკიმ და მელაშვილის წინააღმდეგ უკვე კარგად ნაცნობი სამთავრობო გზავნილი გამოიყენა, თითქოს, ბრალდებულმა კარტოგრაფმა საჯარო ინტერვიუსას აღიარა, რომ დავითგარეჯი საქართველოს არ ეკუთვნოდა. 

იგივე გზავნილი გაიმეორა საპატრიარქოს პრესსპიკერმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, რომელიც 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავების შემდეგ, მათ წინააღმდეგ კამპანიაში განსაკუთრებით აქტიური იყო. 

ჯაღმაიძე ფორმალურად ძალადობას გაემიჯნა, თუმცა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თავად მელაშვილს დააკისრა და სატელევიზიო სიუჟეტისთვის მონასტრის ტერიტორიაზე კარტოგრაფის გამოჩენას "დაგეგმილი პროვოკაცია" უწოდა. 

"ერთმნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია", - განაცხადა ჯაღმაიძემ და ტვ პირველთან ჩართვისას მელაშვილისა და ილიჩოვას მიერ სამონასტრო ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის გადაცემაზე კვლავ მტკიცებით ფორმაში ისაუბრა. 

მელაშვილის წინააღმდეგ თავდასხმიდან მეორე დღეს  მომღერალ უცნობთან ერთად სამოქალაქო მოძრაობა აი-იას დამფუძნებელი, ქართული ოცნების ყოფილი წევრი ვატო შაქარიშვილი გააქტიურდა. შაქარიშვილმა საჯარო აუდიტორიას თავი რამდენიმე კვირის წინ დაამახსოვრა, როდესაც გია გაჩეჩილაძესთან ერთად ფორმულას ჟურნალისტზე ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულთა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა და მათ "პოლიტ-მედია ტერორის" მსხვერპლებს უწოდებდა. 

ამჯერად შაქარიშვილმა ივერი მელაშვილის წინააღმდეგ გაილაშქრა და მას მთავარი არხის დირექტორ, ნიკა გვარამიასთან ერთად, გამიზნულ პროვოკაციაში დასდო ბრალი.  

"გარეჯში რაც მოხდა, ეს იყო გამიზნული პროვოკაცია. ნიკა გვარამიას დესტრუქციული მედიის დაგეგმილი და ივერი მელაშვილის მიერ განხორციელებული", - ამბობს შაქარაშვილი კარტოგრაფზე, რომელიც თავდასხმის დროს დავითგარეჯში გადაცემა შაბათის მთავარის სიუჟეტისთვის იყო ჩასული. 

დავით გარეჯში ივერი მელაშვილს და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფს თავს გუშინ, 4 მაისს დაესხნენ. ისინი გადაცემა შაბათის მთავარისთვის სიუჟეტს ამზადებდნენ. 

ივერი მელაშვილს დაზიანება არ აქვს. ნაცემია ოპერატორი, დამტვრეულია კამერა. თავდასხმის შემდეგ მთავარი არხის მანქანას გზა მოქალაქეებმაც გადაუკეტეს. 

თავად ილიჩოვა და მელაშვილი კი სასამართლომ პატიმრობიდან გირაოთი მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც ქართულ ოცნებასა და მოქალაქეებს შორის შეთანხმება გაფორმდა, პარტიის სიით გასული დეპუტატები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი კი - პარლამენტში შევიდნენ.


close დახურვა