ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნა ან გადაწევა ამ ეტაპზე არ განიხილება.
"ამ ეტაპისთვის სამწუხაროდ ამას ვერ დაგპირდებით. მჭირდება მხარდაჭერა იმისთვის, რომ მოხდეს სოციალური დისტანციის დაცვა, მინიმალური სოციალური ღონისძიებები, სადაც არ არის გათვალისწინებული არანაირი უსაფრთხოების ზომები, ასევე ნიღბის ტარება მაქსიმალურად, რომელიც დღესდღეობით მხოლოდ 75%-მდეა აწეული. მნიშვნელოვანია რომ ეს ნიშნული 95%-მდე იყოს აწეული", - განაცხადა ტიკარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში.
გასული წლის 9 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს.
მოსახლეობას გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება. აღსანიშნავია, რომ ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით არა ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, როგორც რიგითი მოქალაქეების ისე ბიზნეს სექტორის მიერ, თუმცა ხელისუფლება გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქებას არ აანონსებს.
მანამდე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებდა, რომ შესაძლოა კომენდანტის საათი მარტის ბოლოდან მოიხსნას. რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრს, ის არც კომენდანტის საათის გადაწევას ემხრობა და ფიქრობს, რომ საკოორდინაციო საბჭომ "ისედაც ბევრი დათმო".