ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა სინოფარმთან 500 000 დოზაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და ქვეყანაში ვაქცინა ივნისში შემოვა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ პარალელურად პირდაპირი გზით მოლაპარაკებები მიმდინარეობს მილიონ დოზა ფაიზერის ვაქცინაზე.
„სინოფარმის მარაგი ამჟამად არის დაახლოებით 100 000 დოზა, ადმინისტრირებულია 6 ათასი და, თუ არ ვცდები, 25 ათასზე მეტი ადამიანია ჩაწერილი და დაჯავშნილი აქვს ადგილები მაისის ბოლომდე. ეს 100 000 არის 50 000 ადამიანისთვის, ორჯერადი აცრისთვის.
უკვე დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ჩინურ მხარესთან საქართველოს მთავრობას აქვს მოლაპარაკება და 500 000 დამატებითი დოზა ივნისში ორჯერადად შემოვა - 250 პლუს 250. როცა ჯანმოს მიერ აღიარება მოხდა, ეს ნიშნავს, რომ განთავსდება კოვაქსზე და ქვეყნებს მიეწოდება ბევრად იაფად, ვიდრე პირდაპირი შესყიდვა ხდება.
რაც შეეხება სხვა ვაქცინებს - ინფორმაციაა, რომ კოვაქსზე განთავსდება ნოვავაქსი, ჯონსონ&ჯონსონი, პირდაპირი მოლაპარაკებაა ფაიზერთან მილიონ დოზაზე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების სინოფარმს ავტორიზაცია დღეს მიანიჭა.
საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო. ქვეყანაში ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა, ხოლო 25 მარტს საქართველომ ფაიზერის ვაქცინა მიიღო, რომლითაც აცრები 30 მარტიდან დაიწყო.
3 აპრილს ქვეყანაში ჩინური ვაქცინა სინოფარმის 100 000 დოზა შემოვიდა, რომლით აცრაც 18 წელს ზემოთ ყველა მსურველს შეუძლია.
30 აპრილს საქართველოში კიდევ ერთი ჩინური წარმოების ვაქცინა, სინოვაკი, შემოვიდა. მისი გამოყენება ჯერ არ დაწყებულა.
ვაქცინაციის მსურველებს რეგისტრაცია booking.moh.gov.ge - ზე შეუძლიათ, მუშაობს ცხელი ხაზიც - 1522.