
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ციხიდან ახლადგამოსულ ნიკა მელიას ტელეფონით უკვე ესაუბრა, მასთან შეხვედრას კი უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ გეგმავს.
"მე მქონდა მასთან სატელეფონო საუბარი, საზღვარგარეთ მივფირინავ, როგორც კი ჩამოვალ, რა თქმა უნდა შევხვდებით, ოპოზიციურ ფლანგზე კოორდინაციას დიდი მნიშვნელობა აქვს", - ამბობს გიორგი ვაშაძე, მერობის კანდიდატობაზე დასმულ კითხვაზე კი პასუხობს, რომ "ამაზე პოზიცია უკვე დააფიქსირა".
მანამდე, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ ენმ-ს ერთიანი კანდიდატის წარდგენა "მარცხის ფორმულაა".
"ჩვენ ვიცით, რომ მიშა-ბიძინას დაპირისპირებაში არჩევნებზე, სამწუხაროდ, ბიძინა იმარჯვებს. ამიტომ, უნდა შევქმნათ მძლავრი მესამე ცენტრი, რომელიც კანდიდატურას დააყენებს. ეს არის ჩემი და სტრატეგია აღმაშენებლის პოზიცია. ამ საკითხზე არასწორია ახლა დისკუსია, საპატიმროშია ჯერ კიდევ პოლიტპატიმარი ნიკა მელია", - თქვა მან ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლამდე.
ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია რუსთავის ციხიდან 10 მაისს გათავისუფლდა. მან საპატიმრო დაწესებულება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა. მოსამართლემ მელიას აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეცვალა. ამის საფუძველი გახდა ევროკავშირის მიერ 7 მაისს გადახდილი გირაოს თანხა.