logo
ENG



დროა: ცესკოში დაგეგმილი საარჩევნო რეფორმების წინ "ოცნება" გავლენებს ინაწილებს

15 მაი 202114:19
3 წუთის საკითხავი
clock 1388
2021/05/15/7vwya2s9jhleuuv.png

მოძრაობა დროა აცხადებს, რომ ცესკოში დაგეგმილი საარჩევნო რეფორმების წინ "ქართული ოცნება" გავლენებს ინაწილებს.

მოძრაობა მიუთითებს, რომ ვიდრე შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული ცვლილებები ძალაში შევა, ცესკოში ძლიერდება კლანი, რომელიც რეალურად მართავს საარჩევნო პროცესებს და ორგანიზებას უწევს არჩევნების გაყალბებას.

კერძოდ, დროას განცხადებით:

"14 მაისს ჩატარებული სხდომის შემდეგ, №9/2021 დადგენილების მიხედვით, არსებითად გაიზარდა ცესკოს მდივნის და რეალური მმართველის, გიორგი ჯავახიშვილის კლანის უფლებები. მის ოჯახთან დაახლოებული პირი, ეკა ცაბაშვილი, საარჩევნო პროცესების მართვის ანუ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დეპარტამენტის უფროსი გახდა. მის ხელში აღმოჩნდა როგორც სიების ფორმირება, პარტიების, ბლოკებისა და კანდიდატების რეგისტრაცია, ისე საარჩევნო კომისიების მართვა. ეკა ცაბაშვილი ფინანსურადაც დამოკიდებულია ქართულ ოცნებაზე - მისი მეუღლის ძმის კომპანია ტენდერებში 2019 წლიდან ჩნდება. 2019 წლის თებერვლიდან დღემდე, მოგებული აქვს 1 765 180 ლარის ღირებულების ტენდერი, მათგან უმრავლესობა საეჭვო გარემოებებში ჩატარდა.

გარდა ეკა ცაბაშვილისა, უფლებამოსილება გაეზარდა გიორგი ჯავახიშვილის კლანის კიდევ ერთ წევრს, ადამიანური რესურსების მართვის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, გიორგი კალანდარიშვილს, რომელსაც შიდა აუდიტის განყოფილება დაექვემდებარა. ამით, ცესკოს კლანმა გააძლიერა სისტემაში მომუშავე ადამიანების კონტროლის მექანიზმი.

პოლიტიკური მოძრაობა დროა თვლის, რომ მიღებული ცვლილებებით ქართულმა ოცნებამ ცესკოში მყოფი გამყალბებელთა კლანი გააძლიერა. ცხადი გახდა, რომ თვითმმართველობის არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ რეფორმების დამტკიცებამდე, მმართველი პარტია ცდილობს, ყველა მნიშვნელოვანი ფუნქცია სწორედ მათთვის სანდო, გიორგი ჯავახიშვილის კადრებს დაუქვემდებაროს". 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრუქტურული რეორგანიზაცია ნაჩქარევად და დაუსაბუთებლად მიიჩნია სამართლიანმა არჩევნებმაც.

ISFED-მა განაცხადა, რომ ნებისმიერი ინსტიტუციური გარდაქმნა ახალი ადმინისტრაციის ფორმირების შემდეგ უნდა განხორციელდეს, ხოლო მიმდინარე ცვლილებები საარჩევნო რეფორმის დასრულებამდე უნდა შეჩერდეს, რადგან ის ლეგიტიმაციას მოკლებულია.


close დახურვა