logo
ENG



შიდსის ცენტრი: 8823 აივ დადებითი პირიდან 49.6 % ჰეტეროსექსუალური კონტაქტით დაინფიცირდა

16 მაი 202112:40
3 წუთის საკითხავი
 
შიდსის ცენტრი: 8823 აივ დადებითი პირიდან 49.6 % ჰეტეროსექსუალური კონტაქტით დაინფიცირდა

შიდსის ცენტრის ინფორმაციით:

2021 წლის 16 მაისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8823 აივ ინფიცირებული პირი, მათგან 6587 კაცია 2236 – ქალი.

პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა.

შიდსი 4441 პაციენტს განუვითარდა, მათგან 1834 გარდაიცვალა.

16 მაისის მონაცემებით არვ მკურნალობას იტარებს 5517 (4897 + 620 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 44 (35 + 9 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 

  • 49.6 % (4378) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;
  • 35.7 %  (3153) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 
  • 12.4 %  (1091) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 
  • 1.3 %   (112) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;
  • 0.5 % (41) - სისხლის რეციპიენტია
  • 0.5 % (48) - გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3305 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა, 2 - დაუდგენელი); სამეგრელოში 1197; შემდეგ იმერეთში 1058; აჭარაში 1006; აფხაზეთში (532); კახეთში (443) ქვემო ქართლში (499); შიდა ქართლში (327); გურიაში (187); სამცხე-ჯავახეთში (121). 

ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2014 წელს - 564; 2015 წელს - 717;  2016 წელს - 719; 2017 წელს - 631, 2018 წელს - 672, 2019 – 668; 2020 წელს – 530;

2021 წლის 16 მაისის მონაცემებით გამოვლენილია 191 ახალი შემთხვევა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 187 ახალი შემთხვევა.

2021 წელს გარდაიცვალა 41 აივ ინფიცირებული. 2020 წელს 157, 2019 წელს - 116, 2018 წელს - 135, 2017 წელს - 127, 2016 წელს - 168,  2015 წელს - 94, 2014 წელს - 84 პირი.

სულ საქართველოში გამოვლენილია 119 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 72 - ვაჟი, 47 - გოგონა.  30 გარდაიცვალა. 3 ქვეყნიდან გავიდა. 

რა არის აივ/შიდსი

აივ, იგივე ადამიანის იმუნო დეფიციტის ვირუსი.

ვირუსით დაინფიცირებიდან 2-4 კვირის განმავლობაში გრიპის მსგავსი სიმპტომებით ვითარდება. ამას ე.წ ფანჯრის პერიოდი ეწოდება და თუ ადამიანი ანალიზს დაინფიცირებიდან 2-4 კვირის შუალედში გაიკეთებს, შესაძლოა აივ-ზე უარყოფითი პასუხიც მიიღოს, ამიტომ, შესაბამის ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ანალიზის ხელახლა გაკეთება აუცილებელია. 

მას შემდეგ, რაც აივ ინფექცია ორგანიზმში მოხვდება, მთავარი სამიზნე CD4, ე.წ იმუნიტეტის უჯრედები ხდება. აივ ვირუსის უჯრედები სწორედ იმუნიტეტის უჯრედებს აზიანებს, რაც საბოლოოდ მათ კვდომას იწვევს. ამას კი ადამიანის ორგანიზმის იმუნური სისტემა დასუსტებამდე მიჰყავს. 

სისხლში CD4-ის რაოდენობა 600-დან 1200 ერთეულამდე მერყეობს, აივ-ის "შეტევის" შედეგად მათი რაოდენობა მცირდება. როცა იმუნიტეტის უჯრედები 500-ს ჩამოსცდება, რეკომენდირებულია მკურნალობის დაწყება, რომელიც საქართველოში უფასოა. 

იმ შემთხვევაში, თუ ამ უჯრედების რაოდენობა 200-ზე ნაკლები გახდა, ვითარდება შიდსი, რომელიც განკურნებას არ ექვემდებარება. 90-იან წლებში შიდსის ეტაპზე ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა 18 თვემდე მერყეოდა, ახლა კი, მკურნალობის დახმარებით, შიდსის ეტაპზე მყოფი ადამიანების სიცოცხლე ათწლეულებიც შეიძლება გაგრძელდეს.  

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის გადაცემა ხდება სისხლით, სპერმით, ვაგინალური სეკრეტითა და დედის რძით.

გადაცემას ასევე იწვევს შიდსით დაავადებულთან დაუცველი (კონდომების გამოყენების გარეშე) სქესობრივი კავშირი და კონტაქტი სხვა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებულ პარტნიორთან, რაც ინფექციის გადაცემის რისკს ზრდის. ასევე, რისკ ფაქტორია ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისას დაბინძურებული შპრიცების გამოყენება. 

აივ ინფექციის გადაცემა შეიძლება მოხდეს:

  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს
  • შიდსით დაავადებული დედიდან  შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს
  • დაბინძურებული ნემსების ან სხვა ბასრი საგნების ჩხვლეტისას  (რისკ-ჯგუფს  სამედიცინო პერსონალი წარმოადგენს)
  • ჰემოტრანსფუზიის დროს (ინფიცირებული სისხლის ან მისი პროდუქტების გადასხმისას)
  • ტრანსპლანტაციის დროს (ორგანოების ან ქსოვილების გადანერგვისას)

ვირუსი არ გადაეცემა: 

  • წყლით
  • ჰაერით
  • მწერებით
  • ნერწყვით, ოფლით ან ცრემლით.
  • ხელის ჩამორთმევით
  • საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით
  • კოცნით
  • საერთო ტუალეტის ან აბაზანით სარგებლობისას

close დახურვა