logo
ENG



ქვემო ქართლის პოლიციის უფროსი: ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მშვიდობა შეგვენარჩუნება

17 მაი 202112:44
3 წუთის საკითხავი
clock 1147

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ლაშა გოგნიაშვილი დმანისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ამბობს, რომ პოლიციამ მაქსიმუმი გააკეთა, რათა ადგილზე დაპირისპირება არ მომხდარიყო.

როგორც მან ჟურნალისტებთან ისაუბრა, ადგილზე შსს-ს ბევრი თანამშრომელია და ძალები კიდევ დაემატება.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო, თითოეული დანაყოფის თანამშრომელი მაქსიმალურად ვცდილობდით და ვაკეთებდით ყველაფერს, რომ შეხლა-შემოხლა არ მომხდარიყო. ჩვენ განვაიარაღეთ მაქსიმალურად ყველა და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საზოგადოებრივი მშვიდობა შეგვენარჩუნებინა. ძალიან ბევრი თანამშრომელია აქ, ადგილზე და კიდევ ემატება ძალები", - თქვა მან.

მისივე განცხადებით, ახლა ვითარება განმუხტულია. თუმცა, კადრებში ჩანს, რომ სიტუაცია პერიოდულად იძაბება. ახლა დმანისის ცენტრში მხოლოდ ერთი მხარეა შეკრებილი. 

დმანისში ადგილობრივები უკვე მეორე დღეა, ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან. 

დაპირისპირებამ დღეს, 17 მაისს უფრო ფართო მასშტაბი მიიღო. 

დმანისის ერთ-ერთ ქუჩაზე შეკრებილი მოსახლეობის ნაწილი თოხებით და ხელკეტებით არის შეიარაღებული. ერთმანეთს დაუშინეს ქვებიც. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დააკავეს რამდენიმე ადამიანი. 

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დმანისში აქციის ჩატარება სცადეს ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა, რომლებიც გუშინდელი დაპირისპირების დროს დაშავდნენ. მათ წინააღმდეგ დმანისშივე მცხოვრები ეთნიკურად ქართველები გამოვიდნენ. 

16 მაისს ინციდენტი სურსათის ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარის შემდეგ დაიწყო. გამყიდველი და მეპატრონე ყვებიან, რომ ინციდენტი პროდუქტის ვალად გატანის მოთხოვნას მოჰყვა. 

საიდა ისმაილოვას თქმით, მან რამდენიმე მოქალაქეს ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა, რადგან მათ წარსულში აღებული ვალიც არ ჰქონდათ დაბრუნებული. ნისიაზე უარის თქმის მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ. 

მაღაზია ეთნიკურად აზერბაიჯანელებს ეკუთვნით. 

შეურაცხყოფისა და მუქარის გამო მაღაზიის მეპატრონის ოჯახის წევრი და ეს მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რასაც პოლიციის გამოძახება და ადგილზე ვითარების განმუხტვა მოჰყვა. 

მოგვიანებით კი მაღაზიასთან ინციდენტში მონაწილე პირები ადგილზე დიდ ჯგუფთან ერთად დაბრუნდნენ, რის შემდეგაც მათსა და მაღაზიასათან შეკრებილებს შორის ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. 

კადრებში ჩანს, რომ ადამიანები ერთმანეთს ხის ხელკეტებით უპირისპირდებიან. ჩხუბში მონაწილე რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ პირველადი დახმარება გაეწიათ. გუშინდელ ჩხუბში ჩართული მოქალაქეები პოლიციაშიც გამოჰკითხეს.


close დახურვა