logo
ENG



ქადაგიშვილი დმანისზე: ხელისუფლება უმაღლეს დონეზე უნდა ჩაერთოს და სწრაფად იმოქმედოს

17 მაი 202113:02
3 წუთის საკითხავი
clock 796

ქართული ოცნების წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ დმანისში მიმდინარე დაპირისპირების განსამუხტად ხელისუფლებამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა იმოქმედოს, ამასთან, ამ პროცესში უმაღლეს დონეზე ჩაერთოს. 

"დასაგმობია ის ვითარება, რაც გუშინდელი დღიდან სპონტანურად განვითარდა დმანისის მუნიციპალიტეტში. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებამ კიდევ უფრო მეტი და უფრო სწრაფი რეაგირება უნდა მოახდინოს, იმიტომ, რომ ასეთი მოვლენების განვითარების დროს ყოველი საათი არის განსაკუთრებით ძვირფასი. ვფიქრობ, ხელისუფლება უმაღლეს დონეზე უნდა ჩაერთოს იმისთვის, რომ იქ სიტუაცია სასწრაფოდ იქნას განმუხტული

ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტის წარმოშობის პირველივე კერა სამართლებრივად სწორად შეფასებული და დროული რეაგირება გაკეთებული. 

ყოფითი კონფლიქტი, რომელიც დაიწყო გუშინ ბანალური მიზეზის გამო, დამთავრდეს, როგორც ყოფითი კონფლიქტი და არავითარ შემთხვევაში არ მოხდეს მისი განვრცობა ეროვნული, ეთნიკური ელფერით. ეს მიუღებელია. მიუღებელია ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკიდან და რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე". - თქვა ქართული ოცნების წევრმა. 

დმანისში ადგილობრივები უკვე მეორე დღეა, ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან. 

დაპირისპირებამ დღეს, 17 მაისს უფრო ფართო მასშტაბი მიიღო. 

დმანისის ერთ-ერთ ქუჩაზე შეკრებილი მოსახლეობის ნაწილი თოხებით და ხელკეტებით არის შეიარაღებული. ერთმანეთს დაუშინეს ქვებიც. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დააკავეს რამდენიმე ადამიანი. 

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დმანისში აქციის ჩატარება სცადეს ეთნიკურად აზერბაიჯანელებმა, რომლებიც გუშინდელი დაპირისპირების დროს დაშავდნენ. მათ წინააღმდეგ დმანისშივე მცხოვრები ეთნიკურად ქართველები გამოვიდნენ. 

16 მაისს ინციდენტი სურსათის ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარის შემდეგ დაიწყო. გამყიდველი და მეპატრონე ყვებიან, რომ ინციდენტი პროდუქტის ვალად გატანის მოთხოვნას მოჰყვა. 

საიდა ისმაილოვას თქმით, მან რამდენიმე მოქალაქეს ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა, რადგან მათ წარსულში აღებული ვალიც არ ჰქონდათ დაბრუნებული. ნისიაზე უარის თქმის მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ. 

მაღაზია ეთნიკურად აზერბაიჯანელებს ეკუთვნით. 

შეურაცხყოფისა და მუქარის გამო მაღაზიის მეპატრონის ოჯახის წევრი და ეს მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რასაც პოლიციის გამოძახება და ადგილზე ვითარების განმუხტვა მოჰყვა. 

მოგვიანებით კი მაღაზიასთან ინციდენტში მონაწილე პირები ადგილზე დიდ ჯგუფთან ერთად დაბრუნდნენ, რის შემდეგაც მათსა და მაღაზიასათან შეკრებილებს შორის ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. 

კადრებში ჩანს, რომ ადამიანები ერთმანეთს ხის ხელკეტებით უპირისპირდებიან. ჩხუბში მონაწილე რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ პირველადი დახმარება გაეწიათ. გუშინდელ ჩხუბში ჩართული მოქალაქეები პოლიციაშიც გამოჰკითხეს.


close დახურვა