logo
ENG



ჯაღმაიძე: დანაშაულია, არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის რეგიონში ქართველს ეკოემიგრანტი უწოდო

18 მაი 202112:46
3 წუთის საკითხავი
clock 1276
ფორმულა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დმანისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ დაპირისპირება გარე ძალების მიერ იყო წახალისებული.

როგორც ჯაღმაიძე facebook-ზე წერს, მომხდარი იყო ყოფითი ინციდენტი, რომლის "ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაყვანის მცდელობა არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის მქონე რეგიონში ეთნიკურად ქართული მოსახლეობის დაკნინებას ემსახურებოდა".

"გუშინ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დმანისში ჩავედი. აი რა ვნახე:
1. გუშინ დმანისში მომხდარი ამბები ნამდვილად წახალისებული იყო გარე ძალების მიერ, ვისაც აწყობდა ეთნიკურ კონფლიქტში გადაეზარდათ ეს ინციდენტი.
2. ტელევიზიების უმრავლესობა ცეცხლზე ნავთს ასხამდა და ნებსით თუ უნებლიედ, ფაქტიურად იგივე მიზანს ემსახურებოდნენ.
3. იქ მცხოვრები ქართველების "ეკოემიგრანტებად მოხსენიება" არის მიზანმიმართული შეურაცხყოფა ამ ადამიანებისა, უფრო მეტიც, ეს სახელმწიფოებრივი დანაშაულია, რომელიც ემსახურება ყოფითი ინციდენტის მაშტაბის გაზრდას, მის ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაყვანის მცდელობას და ისედაც არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის მქონე რეგიონში ეთნიკურად ქართული მოსახლეობის დაკნინებას, სწორედ ეს უსამართლობა იყო მოსახლეობის მხრიდან ჟურნალისტებისადმი გამოვლენილი აგრესიის საფუძველიც.
4. ღვთის შეწევნით, მოსახლეობას ეყო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და სახელმწიფოს ძალისხმევით, ადგილობრივი სასულიერო პირების ჩართულიბით, მათ შორის საპატრიარქოს მონაწილეობით, ერთმანეთთან ძმური მეზობლობის გარემოში ცხოვრების სურვილმა და საღმა აზრმა გაიმარჯვა ვნებებზე.
დიდი იმედია, ყველამ დავინახეთ, თუ რამდენად საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ყველასთვის, ემოციებს აყოლა, საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალის ხელში.
ვუსურვებ მშვიდობას დმანისს და მთელს საქართველოს", - წერს ჯაღმაიძე.

დმანისში ადგილობრივებს შორის 16 მაისს დაიწყო. დაპირისპირებამ გუშინ, 17 მაისს, უფრო ფართო მასშტაბი მიიღო. ერთ-ერთ ქუჩაზე შეკრებილი მოსახლეობის ნაწილი თოხებით და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული, ერთმანეთს დაუშინეს ქვებიც.

ადგილზე ვითარება მთელი დღის განმავლობაში პერიოდულად იძაბებოდა და ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც.

გუშინ საღამოს, დმანისში, საკრებულოს შენობაში დაპირისპირებული მხარეების წარმომადგენლების შეხვედრა შედგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და განაცხადეს, რომ შერიგდნენ.

ინციდენტი სურსათის ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარის შემდეგ დაიწყო. გამყიდველი და მეპატრონე ყვებიან, რომ ინციდენტი პროდუქტის ვალად გატანის მოთხოვნას მოჰყვა. ​საიდა ისმაილოვას თქმით, მან რამდენიმე მოქალაქეს ლუდის ნისიად მიცემაზე უარი უთხრა, რადგან მათ წარსულში აღებული ვალიც არ ჰქონდათ დაბრუნებული. ნისიაზე უარის თქმის მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ.

შეურაცხყოფისა და მუქარის გამო მაღაზიის მეპატრონის ოჯახის წევრი და ეს მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რასაც პოლიციის გამოძახება და ადგილზე ვითარების განმუხტვა მოჰყვა. მოგვიანებით კი მაღაზიასთან ინციდენტში მონაწილე პირები ადგილზე დიდ ჯგუფთან ერთად დაბრუნდნენ, რის შემდეგაც მათსა და მაღაზიასათან შეკრებილებს შორის ხელჩართული ჩხუბი დაიწყო.


close დახურვა