logo
ENG



რას ამბობს თბილისის მერის მოადგილე ავტობუსებში 60 მილიონი ლარით მეტის გადახდაზე

19 მაი 202112:04
3 წუთის საკითხავი
clock 1990

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ავტობუსებში 60 მილიონი ლარით მეტის გადახდაზე ამბობს, რომ ტენდერი EBRD-ის შესყიდვის წესებით გამოცხადდა, რაც ნიშნავს, რომ ყველა გადაწყვეტილებაში მათი ექსპერტები იყვნენ ჩართულები. 

ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, თბილისის მერიის მიერ ავტობუსებში გადახდილ თანხასა და რეალურ ღირებულებას შორის სხვაობა 60 მილიონი ლარია.

ბენდელიანი ამტკიცებს, რომ გამარჯვებულის გამოვლენა ექსპერტების დასკვნების მიხედვით მოხდა.

"ეს ტენდერი გამოცხადებული არის EBRD-ის შესყიდვების წესებით, ეს ნიშნავს, რომ თითოეულ გადაწყვეტილებაში ჩართული იყვნენ EBRD-ის შესაბამისი ექსპერტები, მათი დასკვნების მიხედვით მოხდა გამარჯვებულის გამოვლენა.

ჩვეულებრივი ავტობუსია, უბრალოდ არის მაქსიმალური პარამეტრებითა და სპეციფიკაციებით აღჭურვილი. რამდენიმე დამატებითი ფუნქცია აქვს ავტობუსებს, ეს არის პირობითად ის, რომ სრულად ადაპტირებულია შშმ პირებზე, სრულად აღჭურვილია შიდაკამერებით, ანუ მრავალი ფუნქცია აქვს ამას", - თქვა მერის მოადგილემ ჟურნალისტებთან.

მერიამ თურქულ კომპანია BMC-ს 226 ავტობუსში ჯამში 55 მილიონ ევროზე მეტი გადაუხადა.

ერთი ავტობუსი 250 ათასი ევრო დაჯდა, არადა ეს ტრანსპორტი ბევრად ნაკლები ღირს. სხვაობა 60 მილიონი ლარია.

საკრებულოს ყოფილი წევრი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ იგივე ავტობუსის ყიდვა ანკარას 170 ათასი ევრო დაუჯდა. ქალაქ კოჩაელს - 180 ათასი ევრო; ნოვი სადს ასევე 180 ათასი ევრო; პენევეჟისს - 188 ათასი ევრო. 

თბილისის მთავრობამ ავტობუსში ყველაზე მეტი გადაიხადა. 

"სხვა ქალაქებმა შეიძინეს BMC-ის 12-მეტრიანი ავტობუსი საშუალოდ 180 ათას ევროდ. გამოდის, რომ თბილისის მერიამ მათში გადაიხადა 70 ათასი ევროთი მეტი. შეიძლება, ზედმეტობით იყოს გადახდილი 16 ევროთი მეტი. ეს ნიშნავს ძალიან მსხვილ კორუფციულ ფაქტს, თუკი ამის ლოგიკურ ახსნას თბილისის მერია საზოგადოებას არ მიაწვდის", - ამბობს აბესაძე ფორმულასთან

ეს ავტობუსები კომპანია BMC-ის ოფიციალურ საიტზეც უფრო იაფი ღირს. ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი ფასი 205-დან 215 ათას ევრომდე მერყეობდა. ფასი იკლებს შეძენილი ავტობუსების შესაბამისად.


close დახურვა