logo
ENG



ომბუდსმენი: ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ისევ არ შეგვიშვეს, ბავშვები არც სკოლაში მივიდნენ

19 მაი 202116:31
3 წუთის საკითხავი
clock 790
ომბუდსმენი

სახალხო დამცველის განცხადებით, მისი წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ისევ არ შეუშვეს. 

მათი ცნობით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად, ხელმძღვანელის მითითება დასახელდა. 

სახალხო დამცველის წარმომადგენლები, ასევე, იყვნენ ნინოწმინდის მე-4 საჯარო სკოლაში, თუმცა იქ პანსიონიდან არცერთი ბავშვი არ გამოცხადებულა, რაც მიუთითებს, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან დაწესებულებას ინფორმაცია ჰქონდა სახალხო დამცველის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ.

"სკოლის დირექტორთან გასაუბრებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სკოლაში ბავშვები ზედამხედველების თანხლებით დადიან. ამასთან, ზედამხედველები საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას სკოლის შენობაში არიან და იქ ელოდებიან ბავშვებს.

აღნიშნული პრაქტიკის თაობაზე, სკოლის ადმინისტრაციას ადგილზე მიეცა რეკომენდაცია, რადგან არღვევს ბავშვის საუკეთესო ინტერესს", - წერს ომბუდსმენი. 

სახალხო დამცველი გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიაწვდის ინფორმაციას პანსიონში მცხოვრები ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონის მონიტორინგი მიმდინარე წლის 15 აპრილსაც ვერ მოახერხა. 

ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" მიმართვის საფუძველზე, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტმა 7 მაისს გამოსცა დროებითი ღონისძიება, რითაც სახელმწიფოს დაავალა - დაუყოვნებლივ უზრუნველეყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება.


close დახურვა