logo
ENG



ბარკერი თავდასხმაზე: მეცა ფალავანდიშვილი, ჩამაფრინდა და მიბრძანა, რომ სამკლაური მოვიხსნა

24 მაი 202113:37
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/24/xecyn4bg24xriex.jpg

სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერი, რომელსაც ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე ლგბტ სამკლაურის გამო ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ, დეტალებზე წერს.

მისი თქმით, მასთან ჯერ ალექსანდრე ფალავანდიშვილი მივიდა, შემდეგ კი - სხვები.

"2019 წლის მაისიდან მიკეთია ეს სამკლაური. და ამ დროში იმდენად შემეზარდა მკლავზე, ამას წინათ თავად გურამ კაშია ჰყავდათ ერთ ეთერში სტუმრად და პროდიუსერმა მე დამირეკა, სამკლაური გვათხოვე, ვერ ვიშოვეთო. ამ ნაწილს მხოლოდ იმ ადამიანებისთვის ვწერ, ვინც ეხლა დაინახა პირველად.

უამრავი ბნელეთი რომ უჭერს მხარს ამ პროტესტს, არ ყოფილა ჩემთვის დამაბრკოლებელი აქამდე, და როგორც დააანონსეს 12:00 საათზე მობილიზაცია, ისე მივედი და დავდექი ჩემთვის წყნარად. არავისგან არანაირი პრობლემა არ მიგრძვნია, აქ ხალხი დადის ზოგი ჯვრით და ზოგი დროშით. რავიცი, ჭრელი ხალხი ვართ ხო? ასე არ უნდა იყოს?

ასევე, ყველა მედიამ იცის, რომ უარს ვეუბნები უკვე დიდი ხანია და ვერ ნახავთ ჩემს სინქრონებს ვერსად, ახლაც ჟურნალისტი მოვიდა ჩასაწერად და უარი ვუთხარი, მერე გამახსენდა ეს მთელი აურზაური აქით-იქით, დაძაბულობა რასაც ვკითხულობ ორი დღეა ფეისბუქზე და ვიფიქრე, პირიქით, კარგს ვიზამდი თუ ვეტყოდი, რომ დიახაც აქ ვარ და მხარდასაჭერად ვარ, როგორც უნდა იყოს ყველა, იმიტომ რომ ძალადობის და ესკალაციის მოლოდინი მაქვს სახელმწიფოს მხრიდან და აუცილებლად აქ უნდა ვიყო და არა სხვაგან.

და აი სანამ პირი გავაღე, იქამდე მეცა გურამ ფალავანდიშვილის ვაჟი და ჩამაფრინდა მკლავზე და მიბრძანა, რომ ეს მოვიხსნა, აქ პრაიდი არ არის. მე ვუპასუხე ძალიან მშვიდად, რომ ეს მიკეთია ყოველდღე, ყველგან, უკვე ორი წელია და არ ვაპირებ მოხსნას. ასევე ვუთხარი რომ ეს დაძაბულობა, რაც თავად შექმნა ჩემ ირგვლივ, საერთოდ არავის არ სჭირდება და საქმეს აფუჭებს, და ასევე ვუთხარი, რომ ცოტა ხანში ერთად მოგვიწევდა პოლიციასთან ბრძოლა, და ტყუილად კარგავდა დროს და ფოკუსს.

უცბად დაემატნენ ირგვლივ სხვებიც, იცით ხო როგორც ხდება? ვიღაც სხვამაც მიფათურა ხელი მკლავზე, მოხსნას ცდილობდა, ვიღაცამ საერთოდ “ტრუსიკით რატო ხარ აქციაზე, შარვალი ჩაიცვიო” მომიწოდა, დამესიენ აქედან-იქიდან, რას ჰგავხარო, ვიღაც ქალმა შენნაირების ადგილი აქ არ არისო და ასე შემდეგ.
გამორიდება ვცადე, და მაგის საშუალებასაც არ მაძლევდნენ, გადიო და კარვების გადათელა მომიწია ისე დამეხვივნენ გარს, პროვოკატორს გვეძახდნენ მე და ზუკას, როცა ვცდილობდით ტერიტორიის დატოვებას მიუხედავად იმისა, რომ მივედით მხარდასაჭერად.

ამასაც რისთვის ვწერ არ ვიცი, წინასწარ მიშლის ნერვებს ყველანაირი არასწორი ინტერპრეტაცია რომელსაც ამ ამბავს ეხლა მისცემენ და უბრალოდ იცოდეთ, საერთოდ არაფერში არ მჭირდებოდა მე ეს *** თავგადასავალი დღეს.

პ.ს. ვისაც გაგისწორდებათ ყველა ფოტოს და ვიდეოს დაგილინკავთ გასული ორი წლიდან, სადაც ეს სამკლაური მიკეთია და თქვენ თვითონ შეგრცხვებათ თქვენი თავების.

პ.პ.ს. მადლობა მხარდაჭერისთვის ყველას, და ბოდიში, ცოტა ვინერვიულე", - წერს ბარკერი.

რესპუბლიკის მოედანზე თავდასხმა ცოტა ხნის წინ მოხდა. სამოქალაქო აქტივისტებს, ლგბტ სამკლაურის გამო, ალექსანდრე ფალავანდიშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა შეურაცხყოფა მიაყენეს.


close დახურვა